“ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის”-სამადაშვილი შესაძლო სანქციებზე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  სალომე სამადაშვილმა აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესების ფაქტი შეაფასა.

სამადაშვილის შეფასებით,იმის მიუხედავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი, საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი მაინც  სერიოზულად დაზიანდება.

„ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა “თიბისისთან” და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არ მიიღებენ კონგრესში, მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ –  განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას “რესპუბლიკელი” კონგრესმენი მარკვეინ მალინი ითხოვს.

კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ამ შემთხვევაში საქართველოს შეერთებული შტატებისგან ფინანსური დახმარების შეჩერება ემუქრება ,კონკრეტულ პირებს კი შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ.