ესპანეთში 25 ქართველი კრიმინალი დააკავეს

შსს–ს ინფორმაციით, 4 აპრილს ქართველი სამართალდაცველებისა და ესპანეთის პოლიციის თანამშრომლობით, ბარსელონაში მაშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა.

სპეცოპერაცია “მერლინ-ტაკას” შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის ასზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 25 საქართველოს მოქალაქე. მასშტაბურ სპეცოპერაციაში 250 მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა.

საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.ესპანური მედია, სპეცოპერაციის ჩატარებამდე წერდა,რომ ქართულმა დაჯგუფებამ 70-მდე ბინა გაძარცვა.

სპეცოპერაცია  ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში განხორციელდა, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს  ტერიტორია უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს.

დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოთ აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.