ევროკავშირსა და NATO-ს მიმართ მხარდაჭერა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

{{ARTICLEIMAGE}}
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის (38 პროცენტი) აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართლებით ვითარდება. თუმცა გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და Nato- ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში.

Nato-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს, Nato-ს წევრობას კი 78 პროცენტი ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. NDI-ს კვლევის მიხედვით, უმცირესობათა დასახლებაში ევროკავშირის მხარდაჭერა 2018 წლის მარტთან შედარებით 50 პროცენტიდან 58-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება NATO-ს, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი, 78 პროცენტი ამბობს, რომ მისაღებია, 13 პროცენტისთვის გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 9 პროცენტი ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის მიხედვით, უმცირესობათა დასახლებაში ალიანსის მიმართ მხარდაჭერა 2018 წლის მარტთან შედარებით 26 პროცენტიდან 48-მდე გაიზარდა.

გზები (35 პროცენტი) და გარემოს დაბინძურება (22 პროცენტი) ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხებია. გარემოს დაცვის კუთხით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე (57 პროცენტი), საკვების უსაფრთხოებასა (44 პროცენტი) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობაზე (40 პროცენტი) წუხს. თბილისის მოსახლეობისთვის გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია (48 პროცენტი), რის შემდეგაც კომუნალური გადასახადები (38 პროცენტი) და საგზაო მოძრაობა (32 პროცენტი) მოდის.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობა გარკვეულ პროგრესს ხედავს, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის კუთხით, მოქალაქეებისთვის
მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს საკითხებია: სასამართლო სისტემა, კრიმინალის დონის ზრდა და სუსტი ეკონომიკა,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. ის ამბობს, რომ გარემოს დაცვის კუთხით ნეგატიური შეფასება პოლიტიკის დაუყოვნებლივ ცვლილებასა და ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ამ სფეროსთვის გამოყოფილი რესურსების შემცირება, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის სამინისტროს შეზღუდული სტატუსის გათვალისწინებით.”

მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას “კარგად” ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58 პროცენტი). თუმცა თბილისის მოსახლეობის 57 პროცენტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას “ცუდად” აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა “საშუალოდ” (43 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) აფასებს. მოქალაქეები კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში ოდნავ უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება. მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის (47 პროცენტი), სკოლის საატესტატო გამოცდებისა (55 პროცენტი) და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად (73 პროცენტი). უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს.” – განაცხადა ლორა თორნტონმა. ის ასევე ამბობს, რომ “საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია, განსაკუთრებით იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა იმათ შორის ვისაც ხელი მიუწვდება კერძო სკოლებსა და რეპეტიტორებზე და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გააჩნია. ”

კვლევის ავტორები: NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რომ დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.