“ევროპა, თუ შეიძლება გაიღვიძე!“ – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ფონდ “ღია საზოგადოების დამფუძნებელი, ბიზნესმენი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი. “
გთავაზობთ წერილის ტექსტს:
“ევროპა მთვარეულივით გაუაზრებლად მოძრაობს. ევროპის ხალხმა უნდა გამოიღვიძოს, სანამ ძალიან გვიან არ არის. თუ ასე არ მოხდა, ევროკავშირი 1991 წლის საბჭოთა კავშირის ბედს გაიზიარებს. ვერც ჩვენი ლიდერები და ვერც რიგითი მოქალაქეები როგორც ჩანს ვერ ხვდებიან, რომ ამჟამად რევოლუციური მომენტია, როცა შესაძლებლობების არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა მოსალოდნელი საბოლოო შედეგები სრულიად გაურკვეველი.
ჩვენს უმრავლესობას სჯერა, რომ მომავალი მეტნაკლებად აწმყოს მსგავსი იქნება, მაგრამ ასე შეიძლება სულაც არ მოხდეს. ჩემი ხანგრძლივი და მოვლენებით სავსე ცხოვრების მანძილზე ბევრი პერიოდის მომსწრე გავხდი, რომლებსაც მე წონასწორობის რადიკალურად დაკარგვის პერიოდს ვუწოდებ. ამჟამადაც სწორედ ასეთი პერიოდია.
შემდეგი გარდამტეხი მომენტი 2019 წლის მაისში ევროპარლამენტის არჩევნები იქნება. სამწუხაროდ, ანტიევროპული ძალები კენჭისყრისას კონკურენტული უპირატესობით ისარგებლებენ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მოძველებული პარტიული სისტემა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, ევროპული ხელშეკრულების შეცვლის შეუძლებლობა და ლეგალური ინსტრუმენტების არარსებობა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში იმ პრინციპების დაცვა უზრუნველყოს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნებოდა. ევროკავშირს შეუძლია წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ევროპული კანონმდებლობის დაცვა მოსთხოვოს, თუმცა ნაკლებად აქვს ეფექტური შესაძლებლობები უკვე წევრ ქვეყნებს იგივე აიძულოს. მოძველებული პარტიული სისტემა ხელს უშლის მათ, ვისაც უნდა ევროკავშირის არსებითი ღირებულებები დაიცვას, მაგრამ ეხმარება მათ, ვისაც უნდა ეს ღირებულებები რაღაც სრულიად განსვავებულით ჩაანაცვლოს. ეს ეხება როგორც ცალკეულ ქვეყნებს, ასევე ტრანს– ევროპულ ალიანსებს.
პარტიული სისტემა ცალკეულ ქვეყნებში კვლავ იმ დაპირისპირების ანარეკლად რჩება, რომელიც მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში იყო მნიშვნელოვანი, როგორიც არის კონფლიქტი კაპიტალსა და შრომას შორის. მაგრამ დღეს უფრო მნიშვნელოვანია განსხვავებულობა პროევროპულ და ანტიევროპულ ძალებს შორის.
ევროკავშირის დომინანტი ქვეყანა გერმანია და მისი წამყვანი პოლიტიკური ალიანსი ქრისტიან დემოკრატიულ კავშირსა(CDU) და ბავარიაში დაფუძნებულ ქრისტიან სოციალისტთა კავშირს(CSU) შორის უკვე არაეფექტურია. ალიანსი კარგად მუშაობდა მანამ, სანამ ბავარიაში სხვა მნიშვნელოვანი პარტია არ იყო. ეს მოცემულობა შეიცვალა გერმანიის ექსტრემისტული პარტიის – ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) გაძლიერების შემდეგ. გასული წლის სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნებში ქრისტიან დემოკრატიული კავშირის შედეგები ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი იყო, ალტერნატივა გერმანიისთვის კი ბავარიის პარლამენტში პირველად მოხვდა.
ამ პარტიის პოპულარობის ზრდამ აზრი დაუკარგა ალიანსის არსებობას. მაგრამ მისი დაშლა ახლა აუცილელად გამოიწვევს ახალ არჩევნებს, რაც არც ევროპისთვის და არც გერმანიისთვის არ იქნება კარგი. ასეა თუ ისე, ამჟამინდელი მართველი კოალიცია ვერ იქნება ისეთი პროევროპელი, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა, მემარჯვენე ფლანგზე “გერმანული ალტერნატივა“ რომ არ ემუქრებოდეს.
თუმცა სიტუაცია უიმედო არ არის. გერმანელი მწვანეების პოპულარობა გამოკითხვების მიხედვით იზრდება და ის ქვეყანაში ერთადერთ პრო ევროპულ პარტიად გამოიკვეთა, იმ დროს, როცა AFD–მ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
იგივე სიტუაციაა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მოძველებული პარტიული სტრუქტურები ხელს უშლიან საზოგადოების ნების სწორ გამოხატვას.
ლეიბორისტულ და და კონსერვატიულ პარტიებს შორის შიდა პოლიტიკაში განსხვავებები არსებობს, მაგრამ მათი ლიდერები, ჯერემი კორბინი და ტერეზა მეი იმდენად მონდომებულები არიან ბრექსითის მისაღწევად, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობასაც კი დათანხმდნენ. სიტუაცია იმდენად რთულია, რომ ბრიტანელების უმრავლესობას უბრალოდ უნდა ის რაც შეიძლება მალე დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი იქნება მომდევნო ათწლეულში ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი. საზოგადება უკვე თანდათანობით აცნობიერებს ბრექსითის მძიმე შედეგებს.
იგივე სიტუაციაა იტალიაში. ევროკავშირმა ფატალური შეცდომა დაუშვა 2017 წელს, როცა მას დუბლინის შეთანხმების შესრულება მკაცრად მოსთხოვა. ამან არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა იტალიის მსგავსი ქვეყნები, რომლებსაც ემიგრანტები ევროკავშირში შესაღწევად პირველ რიგში იყენებენ. ამის შედეგად იტალიის პროევროპული და იმიგრაციის მხარდამჭერი ამომრჩეველი 2018 წელს ანტიევროპული პარტიების მხარეს გადაიხარა. წარსულში დომინანტ დემოკრატიულ პარტიაში არეულობაა. შედეგად ელექტორატის პროევროპულ ნაწილს ასარჩევიც აღარავინ დარჩა. იგივე არეულობაა საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთის და შესაძლოა ყველა დანარჩენი ევროპული ქვეყნის პარტიულ სისტემაშიც.
კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ტრანს–ევროპულ ალიანსებში. ნაციონალურ პარტიებს წარსულში მაინც აქვთ გარკვეულწილად ფესვები, მაგრამ ტრანს–ევროპული ალიანსები მთლიანად პარტიის ლიდერების პირად ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, ევროპის სახალხო პარტია (EPP), რომელმაც მთლიანად უარი თქვა პრინციპებზე, როცა თანხმობა განაცხადა უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის წევრობა გაეხანგრძლივებინა ფიდესში, ოღონდაც უმრავლესობა შეენარჩუნებინა და კონტროლი არ დაეკარგა ევროკავშირში საუკეთესო თანამდებობებზე წვდომაზე. მათთან შედარებით ანტი ევროპული ძალები შესაძლოა უკეთესადაც კი გამოიყურებოდნენ: მათ პრინციპები მაინც აქვთ, მიუხედავად იმისა რომ ოდიოზურები არიან.
რთული სათქმელია, როგორ მოახერხებენ პროევროპული პარტიები მაისში არჩევნებში გამარჯვებას, თუ ევროპულ ინტერესებს საკუთარზე წინ არ დააყენებენ. შესაძლოა ვიღაცას იმედი ქონდეს, რომ ევროკავშირი გადარჩება მისი რადიკალური განახლების გზით. მაგრამ ამისათვის ევროკავშირის შიგნით არსებითი ცვლილებებია საჭირო. ამაჟმინდელი ხელმძღვანელობა დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მსგავსად განაგრძობს “უკაზების“ გამოცემას, თითქოს ეს ისევ რელევანტური იყოს.
პირველი ნაბიჯი ევროპის შიდა და გარე მტრებისგან დასაცავად არსებული საფრთხის მაშტაბის გაცნობიერებაა. მეორე ნაბიჯი მძინარე პროევროპული უმრავლესობის გამოფხიზლება და მათი მობილიზაციაა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად. სხვაგვარად ოცნება გაერთიანებულ ევროპაზე 21 საუკუნეში შესაძლოა ღამის კოშმარად იქცეს.
ჯორჯ სოროსი














