„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა. იმამყულიევი კანდიდატად პარტიის ლიდერებმა – დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ წარადგინეს .ბრიფინგს ევროპული საქართველოს ლიდერი, შალვა შავგულიძეც ესწრებოდა, რომელიც ევროპულისაქართველოს და თავისუფალი დემოკრატების საერთო კანდიდატია თბილისში, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში. ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა. მან ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა გამოიყენონ. მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემები და გაჭირვება და ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.
აჰმედ იმამყულიევი ამბობს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არაფერი გაკეთებულა.
“ქართული ოცნება აუცილებლად უნდა დამარცხდეს არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები და მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს დღევანდელ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,“ – განაცხადა იმამყულიევმა.
მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი 13 თებერვალს გადადგა. ის ივნისში მოქალაქის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუსრულებია.
შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.