ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს პატიმრობა, ხოლო 7 პირს გირაო შეეფარდა

ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დილით იმსჯელა.დაკავებული 9 პირიდან ორს პატიმრობა, ხოლო 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით მაია ბერიძეს 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს 2 000 – ლარიანი, ანი ჟორჟაძეს 2 000-ლარიანი, გიორგი გასვიანს 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ანტონ ღლონტი და თემურ ირემაძე კი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.გამოძიების ინფორმაციით ზემოთ ჩამოთვლილი პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.