ფოფხაძე: გოგიჩაიშვილი რომ “ნაცმოძრაობის” მოსამართლეების მსხვერპლი იყო, კობახიძე ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას თანამოაზრე, გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ცინიზმსა და უტიფრობაში ადანაშაულებს. მისივე შეფასებით, კობახიძეს ასეთი საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ფოფხაძის ეს შეფასება პარლამენტის პლენარულ სხომაზე შესვენების გამოცხადებამდე, კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მისი პოზიციის გამო “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააკავშირა.

“როგორც ჩანს, ჩვენი დისტანცირება უმრავლესობის შიგნით ხდება ღირებულებების დონეზე. როცა ლევან გოგიჩაიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მოსამართლეების მხრიდან დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლი იყო და იმ სისტემის გამო ციხეში იჯდა, ბატონი კობახიძე ამ ბრტყელ-ბრტყელ საუბარს სწავლობდა. მისი მხრიდან უხერხულია ამ კონტექსტში საუბარი. ვხედავ, რა დღის წესრიგი აქვს მომზადებლი ჩვენთვის – რომ ჩვენ ვართ “ნაციონალები”, ამას არამარტო კობახიძისგან, ბევრი სხვა ადამიანისგან არ მოვითმენ”,განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს.  

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ნაციონალიზაციის პროცესი ღრმავდება. 

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.