Forbes-ის ინფორმაციით ივანიშვილის ქონება 3.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ქონება Forbes-მა $3.3 მილიარდამდე შეამცირა. ბოლო წლის მანძილზე მისი ქონება $1.5 მილიარდით შემცირდა. ამერიკული გამოცემის დათვლით, ივანიშვილის ქონება 11-წლიან მინიმუმზეა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ივანიშვილი 349-დან 906-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა, რა გახდა მისი ქონების შემცირების მიზეზი, გამოცემა  არ აკონკრეტებს. სავარაუდოდ, ქონების შემცირება ივანიშვილის მიერ აქტივების ფონდ “ქართუზე” გადაფორმებას უკავშირდება.

გასული წლის ბოლოს ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართულ Entrepreneur-თან ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკულ Forbes-თან უკვე ათი წელია არ თანამშრომლობს. “რაც შეეხება Bloomberg-ს, მათთან საერთოდ არ მითანამშრომლია, თუმცა მონაცემებს ეს მედიაც აქვეყნებს”, – ამბობდა მაშინ ივანიშვილი.

ოლიგარქის ქონება ჯერჯერობით არ დაუკორექტირებია Bloomberg-ს. მისი მონაცემებით, ივანიშვილი $5.7 მილიარდს ფლობს და პლანეტის 500 უმდიდრეს პირს შორის 462-ე ადგილზეა. წლიურად ივანიშვილის ქონება $100 მლნ-ით არის გაზრდილი.

$5.7 მილიარდით, რომელსაც Bloomberg-ის მონაცემებით ამჟამად ივანიშვილი ფლობს, 84.3 მილიონი ბარელი ნავთობის შეძენაა შესაძლებელი.