FSB-სა და GRU-ს ჩინოვნიკები ოჯახების რუსეთიდან გაყვანას ცდილობენ – Bellingcat

გამომძიებელი ჟურნალისტი, Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინსა და გავლენიან უსაფრთხოების ძალებს შორის კონფლიქტი აშკარაა, თუმცა არ იცის, გადაიქცევა თუ არა ეს აჯანყებად ან მინირევოლუციად.

მისი განცხადებით, რუსულმა ელიტამ ამ ომში ღირებული ვერაფერი მიიღო, ამიტომ შეიძლება ველოდოთ უფრო და უფრო დიდ კრიზისს მათსა და კრემლს შორის.

“ჰაკერები უამრავ მიმოწერას გვიზიარებენ და იქ ვხედავთ ასეთი უკმაყოფილების პირდაპირ აღწერას, ომისადმი სარკასტულ დამოკიდებულებას, რუსეთისთვის დადებითს არავინ მოელის. და ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან მკაცრი კრიტიკაა ომში წასვლის შესახებ. ასე რომ, აქ, დიდი ალბათობით, საკითხავია არა ის, არის თუ არა ასეთი კონფლიქტი, არამედ რეალიზდება თუ არა ის კრემლის წინააღმდეგ ელიტის რაიმე სახის ქმედებებში”,– განმარტავს გამომძიებელი ჟურნალისტი.

მისივე შეფასებით, “უსაფრთხოების ძალების ინფორმირებულ ელიტას ესმის, რომ ომი წაგებულია”, ამიტომ ყველაზე მეტი საპროტესტო პოტენციალი მათ აქვთ.

გროზევის ინფორმაციით, ჩინოვნიკთა ნაწილი ცდილობს ოჯახების რუსეთიდან გაყვანასა და ფულის დოლარსა და ევროში გადახურდავებას.

“მას შეგვიძლია ვუწოდოთ “GRU ინტელექტუალური ნაწილი“, ანუ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სრული ინფორმაცია. და ასევე FSB-ს ელიტა, რომელმაც იცის მსხვერპლთა კონკრეტული რაოდენობა რუსულ ჯარებში, იცის, რომ დაღუპული ან დაკარგული რუსი ჯარისკაცების დედები, ცოლები, დები კითხვების დასმას არ წყვეტენ. მათ იციან, რომ ოდესღაც ეს მდგომარეობა კონტროლიდან გამოვა.ეს არის უშიშროების ძალების ის ნაწილები, რომლებმაც იციან რეჟიმისთვის საფრთხე და ისინი ემზადებიან მომავლისთვის.

ზოგიერთი მათგანი ეძებს შესაძლებლობას, რათა ოჯახები რუსეთიდან გაიყვანოს, დაგროვილი ფული (ხშირ შემთხვევაში კორუფციული ფული) დოლარსა და ევროში გადაიტანოს. ეს უკვე ერთგვარი ღალატია ამ ადამიანების მხრიდან, რადგან ისინი არ ასრულებენ კრემლის იდეოლოგიურ ბრძანებებს, არამედ ემზადებიან ალტერნატიული რეალობისთვის”,– აღნიშნავს ხრისტო გროზევი.