საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან გამოსული დეპუტატები აცხადებენ, რომ გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს და შეხვედრა შიდასაორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა. გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრთა შორის დაპირისპირების თემას ძალიან მცირე დრო დაეთმო და ძირითადი ნაწილი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს ეხებოდა.
“ბატონი ბიძინას პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ შეარიგოს დაპირისპირებული მხარეები”,ამბობს გაჩეჩილაძე. ქართული ოცნების უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრას ამჯერადაც ესწრებოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბოლო 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შაბათს გაიმართა, “ოცნების” ერთი ნაწილი, კონკრეტულად კი ბესელია და მისი თანამოაზრეები არ მალავდნენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა მწვავე კომენტარებისგან ყველა თავს იკავებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოლო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხერხდა. სხდომაზე დასასწრებად დღეს მივიდა გედევან ფოფხაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავდა. შეხვედრაზე მივიდა ეკა ბესელიაც, თუმცა მას კომენტარი სხდომის დაწყებამდე არ გაუკეთებია.