გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ადამიანის უფლებათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების გამო და ხაზს უსვამს ამ რეგიონებში მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას. საბჭო ასევე ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით. ჟენევაში გამართულ სხდომაზე რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ წარადგინა, რომელმაც დელეგატებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის უკანასკნელი ტრაგიკული მაგალითი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტია.
“რეზოლუცია ეხება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ საზარელ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ რჩება.მწუხარებით უნდა აღვნიშნო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც მიუთითებს ეთნიკური ნიშნით ძალადობისწახალისებაზე ორივე რეგიონში. ამის ბოლო მაგალითია საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილი, რომელიც უკანონოდ დააკავეს მიმდინარე წლის 10 მარტს და გადაიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განთავსებულ სამხედრო ბაზაზე, სადაც ის გარდაიცვალა. ეს ტრაგიკული ინციდენტი ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებათა მექანიზმების გადაუდებელი შესვლის აუცილებლობას“. – ლაშა დარსალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
„ავსტრალია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძლიერი და მუდმივი მხარდამჭერია. ჩვენ შეშფოთებულები ვრჩებით იმ ფაქტით, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს კვლავ არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს საქართველოს ამ რეგიონებში. ეს რეზოლუცია ადასტურებს ადამიანის უფლებათა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუფერხებელი შესვლის საჭიროებას. გალის რეგიონში მომხდარმა ბოლო ტრაგიკულმა ინციდენტმა დაგვანახა, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების მიერ უზრუნველყოფილ გამჭვირვალობას. ადამიანის უფლებათა კუთხით შემდგომ საერთაშორისო ჩართულობას და ანგარიშვალდებულებას შეუძლია ხელი შეუწყოს სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებას“. – სალი მენსფილდი, ავსტრალიის ელჩი გაეროს ჟენევის ოფისში
„ძალზედ შემაშფოთებელი მოხსენებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევების შესახებ, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა სიტუაციის გამოსწორებისთვის დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ანგარიშგების საჭიროებას ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. ამის საჭიროებაზე მეტყველებს ასევე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილი”.- ჯულიან ბრეისვეითი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გაეროს ჟენევის ოფისში