გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლლი იპოვნეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. სააგენტოს ინფორმაციით პირველადი დათვალიერებით დასტურდება რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა, თუმცა ცხედარს დამატებითი ექსპერტიზა უტარდება.

დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის “Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრი იყო. ის ლიბიაში ნაოსნობისას ერთ–ერთ პორტში გაჩერებული გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა. გემბანზე მორიგეობისთვის 7 იანვარს 12 საათზე გავიდა, 4 საათზე მასთან შემცვლელი მივიდა, მაგრამ ადგილზე არ დახვდა. მეზღვაურის გემიდან გასვლა კომპანიას ოფიციალურად არ დაუფიქსირებია, თუმცა ის ვერც გემზე იპოვნეს. მისი ნივთები კი ადგილზე იყო.


გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მეზღვაური დაპატიმრებული იყო, თუმცა ლიბიის ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. საქმეში ჩაერთო ეგვიპტეში საქართველოს საელჩო, რომელიც ლიბიასაც ფარავს . გარდა ამისა სტამბოლის საკონსულო, რადგან გემი თურქული კომპანიის მფლობელობაშია.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს მიიღო. მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოსგან რეაგირებას და დახმარებას ითხოვდა.


საბოლოოდ დავით რაზმაძის ცხედარი ორკვირიანი ძებნის შემდეგ ნავმისადგომთან იპოვნეს.


გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცესი მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ პროცესში საქართველოს მთავრობა ჩაერთვება.