“გაზპრომი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე გაზპრომს ჩვენ” -გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულიას აცხადებს, რომ საქართველოში გაზი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს და ქვეყანამ “ცოტა გაზი” რუსეთიდანაც უნდა იყიდოს. ამის შესახებ მინისტრმა იმედი LIVE-ის ეთერში ისაუბრა.

“ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ჩვენი ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმიტომ, რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე”, — განმარტა მინისტრმა.

ქობულიას ასევე მიაჩნია, რომ “გაზპრომი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე გაზპრომს ჩვენ”.

“ამიტომ გაზპრომს არ აქვს არანაირი დიდი ინტერესი ამაში… მე დიდ რისკებს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა შემოვიტანოთ იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფარგლებში”, — განმარტა ქობულიამ.