გორში 16 წლის გოგონას თავს მაკრატლით დაესხნენ

გორში 16 წლის გოგონას მაკრატლით თავს დაესხნენ. შემთხვევა ქალაქის გარეუბანში  მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელმა გოგონას ფული მოსთხოვა თუმცა მოზარდის ყვირილმა შეაშინა და ის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შესახებ გოგონამ პოლიციას მაშინვე შეატყობინა. შემთხვევის ადგილთან ახლოს არცერთი სათვალთვალო კამერა არ დგას შესაბამისად ადგილობრივები ფიქრობენ რომ დამნაშავის იდენტიფიცირება გართულდება. თუმცა გოგონა დარწმუნებულია,რომ თუ პოლიცია ბრალდებულს დააკავებს, ის მას აუცილებლად ამოიცნობს, რადგან შემთხვევა დღის საათებში მოხდა და თავდამსხმელს სახე დაფარული არ ჰქონდა.

„ჩემი შვილი მოსამზადებელზე დადის, შუადღით მოხდა ეს შემთხვევა, დღისით, მზისით არანაირი საღამო. დახვედრია სადარბაზოში კიბეებზე, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის მიზნით. მაგრამ მე როდესაც დღეს ველაპარაკე ჩემს შვილს ფულის ამბავი არ იყოო,იმიტომ რომ ავადმყოფს უფრო ჰგავდა, კანკალი გაუდიოდა და რა უნდოდა ვერ გავარკვიეო. სავარაუდოდ, მაკრატელი თუ დანა მიადო ბავშვს,“-ამბობს გოგონას მამა დავით კირთაძე.

მომხდართან დაკავშირებით კი შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის, მუხლით დაიწყო. უწყება არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი.