Guardian: შეერთებულმა შტატებმა ჩუმად განაახლა რუსების დეპორტაცია

შეერთებულმა შტატებმა ზედმეტი აფიშირების გარეშე, განაახლა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაცია, ირწმუნება გაზეთი Guardian იმ რუსების იურისტებთან საუბრის შემდეგ, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს.

ასეთი დეპორტაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.

გამოცემა იუწყება, რომ მიგრანტთა უფლებების დამცველი იურისტების გასაკვირად, მობილიზაციისგან შეერთებულ შტატებში გაქცეული ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ მოულოდნელად რუსეთში გადაასახლეს.

ამის შესახებ გამოცემას  ტეხასის ადვოკატმა ჯენიფერ სკარბორომ უთხრა, რომელიც სასამართლოში დეპორტირებული რუსის ინტერესებს წარმოადგენდა. მისი თქმით, აშშ-ს საიმიგრაციო ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ფრონტზე გაგზავნის საფრთხე არ იყო თავშესაფრის მიცემის საფუძველი.

მის კლიენტებს შორის არის ოთხი რუსი, რომლებიც მობილიზაციას გაექცნენ და ახლა მათაც ეშინიათ დეპორტაციის. ყველა მათგანი აშშ-ში მექსიკის გავლით ჩავიდა და თავშესაფარი მოითხოვა.

ადვოკატის თქმით, სამშობლოში, ისინი შესაძლოა ფრონტზე გაგზავნონ და სისხლისსამართლებრივადაც  დასაჯონ. გაზეთი არ ასახელებს ამ რუსების ვინაობას  მათი უსაფრთხოებისთვის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შეაჩეროს დეპორტაცია რუსეთში, უკრაინაში და შვიდ სხვა ქვეყანაში: ბელორუსში, საქართველოში, უნგრეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და რუმინეთში.

კონკრეტულად როდის განახლდა რუსეთში დეპორტაცია და რეალურად მიიღო თუ არა ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, უცნობია. თეთრმა სახლმა გაზეთის შეკითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით არ უპასუხა.

“აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახური (Ice) რჩება ჰუმანური, ეფექტური და პროფესიონალური იმიგრაციის აღსრულების ერთგული.ის  ხელს უწყობს არამოქალაქეების გადაადგილებას და გადაყვანას კომერციული ავიახაზებით და ჩარტერული ფრენებით აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადაყვანას მათ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ამ ქვეყნების წესების შესაბამისად“, – ამბობს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის სპიკერი.