ICOMOS-მა ხადას ხეობა საფრთხეში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ ICOMOS-მა რომელიც UNESCO-თან ასოცირებული ორგანიზაციაა, ხადის ხეობა საფრთხეში მყოფ მემკვიდრეობად გამოაცხადა. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლები, მათ შორის – საქართველოდან. ესენია:  ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

“საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეგიონალური განვითარების პროგრამა (2018-2021), რომლის მიზანია საქართველოს გზების გაუმჯობესება, მათ შორის ჟინვალი-ლარსის გზის მოდერნიზაცია, რომელიც კავკასიონის მთებს კვეთს. ლარსი-ჟინვალის გზის ერთ-ერთი რთული მონაკვეთია ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, მისი ძირითადი ნაწილი ხადის ხეობაშია. აუცილებელია ამ საგზაო მონაკვეთის გავლენის შეფასება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

2018 წლის ივლისში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ქალბატონი ნინო თანდილაშვილის წერილის საპასუხოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხადის ხეობა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არეალების სიუხვით ხასიათდება. ამ ეტაპისთვის, ეს არეალები სრულად არ არის იდენტიფიცირებული და შესწავლილი. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ იყო შესრულებული და ტერიტორიის არქეოლოგიური შეფასების დოკუმენტი, რომლის წარდგენაც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით არის განსაზღვრული, არ წარუდგენიათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.

ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ამ პროექტის გავლენა დღემდე არ შესწავლილა და შეფასებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხადის ხეობაში ბევრი ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის თავდაცვითი და საეკლესიო ძეგლი გვხდება. ასევე, ხეობა მდიდარია ეპიგრაფიკული ძეგლებით და ყოველივე ეს განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩრდილოეთ საქართველოს კულტურის ნაწილში.

ხადის ხეობაში, რომელიც თბილისის მახლობლად მდებარეობს, მიმოფანტულია პატარა სოფლები, ტრადიციული საცხოვრებლებით. გარდა ამისა, ხეობაში შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები ადასტურებს ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალს ენეოლითის ხანიდან. ციხესიმაგრეები, კოშკები, ეკლესიები, მემორიალური ადგილები, ქვები წარწერებით ქმნის ჰარმონიულ ერთიანობას ამ ბუნებრივ გარემოში. მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის შეფასებული და შესწავლილი.

უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ეკლესიები, კოშკები და სხვა ნაგებობები (მე-9, მე-10, მე-18 და მე-19 სს) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სერიოზულ მოვლას საჭიროებს.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, ისტორიული შენობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი სამშენებლო ზონიდან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული, რაც მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს.

ამ საკითხის შესახებ საქართველოს გზების დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა 2019 წლის მარტში წარდგენილ გეგმაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შესთავაზა.  თუმცა იქ ნათქვამია, რომ ძეგლების უმეტესობა გზის პროექტიდან 100 მეტრითაა დაშორებული.

რისკი ძალიან მაღალია ამ პატარა ხეობისთვის და მისი კულტურული ძეგლებისთვის, რომლებიც გზიდან 50 მეტრის დაშორებით იქნებიან განლაგებულნი. არ ხდება ამ ადგილების აღრიცხვა და კვლევა, რაც სერიოზულ ეჭვებსა და კითხვებს აჩენს პროექტის მიმართ.

შემოთავაზებულმა პროექტმა გამოიწვია პროტესტი სხვდასხვა პროფესიულ ჯგუფსა და ორგანიზაციაში.პროექტი სასწრაფოდ მოითხოვს, რომ გამოიძებნოს ალტერნატიული გადაწყვეტილება აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ხადის ხეობის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრებას.”- ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობა ხადის ხეობის გავლით, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზისა და 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის დაწყებას წელს გეგმავს. უკვე ჩამოიყვანეს სპეციალური გვირაბგამყვანი მანქანა. ხელისუფლება ახალი გზის საჭიროებას, ზამთარში ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის გზაზე საავტომობილო მიმოსვლის ხშირი წყვეტით ხსნის.

ახალ გზას ჩინური კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co“ ააშენებს. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საკმაოდ იშვიათია, არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება, მილიონას უღელტეხილის ქვეშ გაივლის და სოფელ კობთან დასრულდება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, 35 კმ-იანი გზა 12 კმ-ით შემცირდება. ქვეშეთიდან კობში მოხვედრას, ერთი საათის ნაცვლად, 20 წუთი დასჭირდება.