სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი „იმერეთის“ ხაზზე ავარია იყო.
„წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო იმერეთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც შემდეგ უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რატომ გახდა ამის მიზეზი, ეს, რა თქმა უნდა, დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.



