ინაშვილი “ქართული ოცნების” წევრთა გასამართლებას მოითხოვს

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. 

ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.

“მოსამართლეებმა პირდაპირი მნიშვნელობით ფეხი დაუბაკუნეს პარლამენტს. მინდა გითხრათ თითეულ თქვენგანს, საკმარისი არ არის ვილაპარაკოთ, რომ სამართლიანობა გვინდა, საკმარისი არ არის საუბარი, რომ რეფორმები გვინდა. აღარ არის ამდენი დაპირების დრო, იმიტომ რომ შვიდი წელი ამას ვესაუბრებოდით ადამიანებს. კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ ჩვენგან. ნუ ამოვეფარებით ხელოვნურად შექმნილ არგუმენტებს, მე მზად ვარ, მოვისმინო რეალური წუხილი თუ აქვთ კოლეგებს, რატომ მიაჩნიათ, რომ მხარი არ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს, მაგრამ მე არ მინდა მოვისმინო იუსტიციის საბჭოს წევრების სურვილი და ოცნება. ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა რამდენიმე ადამიანის, რომელსაც შეუძლია, ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს ქვეყანას. ამას ველოდები ამ დარბაზში დღეს, რომელსაც ასევე ელოდება ჩვენი საზოგადოება, თუ ვინმე ამას ვერ გრძნობს , ეს კიდევ უფრო მძიმე მოცემულობა!”,განაცხადა ეკა ბესელიამ სესიაზე კანონპროექტის წარდგენისას.

ამავე სესიაზე გამოვიდა სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა განსახილველად, მიმართა მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პლენარულ სხდომაზე. 

“ერთადერთი თქვენი არგუმენტი გახლავთ შემდეგი, რომ ეს კანონპროექტი მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ძალიან ბევრი კანონპროექტი დასახელდა, რომელიც კანონად იქცა, თუმცა წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან.

ამას ახლა შევეშვათ. მე მაინტერესებს, დავუშვათ, თქვენი სტანდარტით არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, დაუჭერდით თუ არა მხარს ამ კანონპროექტს?

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს რამდენიმე მეგობარი, რომელსაც თქვენ ესაუბრებით, ეს არის მთელი ქვეყანა? ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ კანონპროექტს მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერდი, რომელსაც თქვენი გუნდის წევრი გამოიტანდა. მაგრამ ხვალ და ზეგ ისეთი რამე არ ქნათ, რომ შეგრცხვეთ წამოსაძახებლად”, განაცხადა ნიკა მელიამ.

თავის მხრივ, “ევროპული საქართველო” კანონპროექტის საკუთარ მოდელს წარადგენს. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.