ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს დატოვა. ამის მიზეზად კობახიძემ პარალელურად, ანალოგიურ თემაზე მიმდინარე შეხვედრა დაასახელა.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.












