ირაკლი ოქრუაშვილი “გუნდს აკოწიწებს“ და მსურველებს ფეისბუქით ეპატიჟება

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, გუნდის ფორმირებას იწყებს. ახალი გუნდის წევრების მოძებნა კი პირდაპირ ფეისბუქ გვერდიდან დაიწყო. დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ გუნდში ეპატიჟება მათ, “ვისაც ქვეყანა სტკივა“.

“ჩემდამი ბევრ სხვა პრეტენზიასთან ერთად ყოველთვის მესმოდა შემდეგი: გარემოცვა და გუნდი არ უვარგა, რად უნდოდა ქარელი, პადოშა, ბესელია და ა.შ. უდავოა, რომ ყველა სერიოზული საქმისათვის საჭიროა სწორი ადამიანების შერჩევა და მონოლითური გუნდის შექმნა. ყოველთვის, როდესაც რაიმე სერიოზულს ვიწყებდი, ადამიანებს ვარჩევდი იქიდან საიდანაც შეიძლებოდა არჩევა.

ასარჩევად საქმე კი არასდროს არ მქონდა, რადგან სუფთა, წესიერი, გამოცდილი და “უნაკლო” ადამიანები, როდესაც საქმე რისკიან გეგმებს ეხებოდა, მორალისტობდნენ, იმალებოდნენ და ბუჩქებიდან ყურებას ამჯობინებდნენ, რათა შემდეგ ამის გამო ვეკრიტიკებინე.

მოკლედ, ვაკოწიწებ გუნდს, რომელმაც ქვეყანას ცვლილება უნდა მოუტანოს. არ ვაპირებ პოლიტიკისათვის დამახასიათებელი კლიშეებით და სტერეოტიპებით ადამიანების შერჩევას ანუ აუცილებელი არაა პოლიტიკოსი იყო ან ერკვეოდე მასში.

ისიც კარგად მესმის, რომ დიმიტრი გელოვანის პოვნა შეუძლებელია. მოკლედ და კონკრეტულად, ვისაც ქვეყანა სტკივა კეთილი იყოს იმ ადამიანების მობრძანება. მერე არ დამიწყოთ ეს რატომ გყავს ან ის რატომ გყავსო. თუ ცვლილება გინდათ თქვენ თვითონვე შეგიძლიათ და გელით.

პ.ს. იმ კასპელი ფილოსოფოსის არ იყოს, მეც ერთ ცხოვრებისეულ დასკვნამდე მივედი. კაცები, როგორც წესი, პოლიტიკაში და არამარტო პოლიტიკაში, არაფრისმაქნისები არიან. ამიტომ, განსაკუთრებით კეთილი იყოს შემტევი, ჭკვიანი, საქმისადმი ერთგული და პატრიოტი, ცნობადი და არაცნობადი ქალების მობრძანება.

პ.პ.ს. გნებავთ აქ მომწერეთ, გნებავთ მტრედს გამოატანეთ წერილი. ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.