IRI-ის კონტრაქტორები, რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ – მამუკა მდინარაძე

“ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა ჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც IRI-ია მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთრებით, რატომღაც მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება,”  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm, რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს რეალური მონაცემები და რეალური განწყობები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​