ისრაელში მოკლული ქართველის დედა შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს

{{ARTICLEIMAGE}}

ისრაელში მოკლული ქართველის დედა შვილის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს – 31 წლის მიშა წიკლაური, რომელიც პირველ იანვარს მოკლეს, თელავივში ცხოვრობდა და ისრაელის მოქალაქე იყო. დედის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა როგორც მისთვის წინასწარ არის ცნობილი, შვილი “ემიგრანტმა ქალმა მოკლა”.

“მე ისრაელში ვარ. გამწარებული დედა გწერთ და გაწუხებთ. ჩემი შვილი პირველ იანვარს ქართველმა ემიგრანტმა ქალმა მომიკლა. ასე გაგვამწარა საახალწლოდ, ჩემი შვილი დანით დამისერა. ვინაიდან თანხა არ მქონდა შვილის ცხედარი საქართველოში გადმომესვენებინა, ისრაელში დავკრალეთ. მინდა, სამშობლოში გადმოვასვენო, ძალიან მიჭირს. მე თვითონ ლეიკემიით ვარ ავად, მაგრამ არაფერი მითხოვია – ერთი თხოვნა მაქვს, ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემი შვილი საქართველოში გადავასვენო. უფალს ვთხოვ, ეს სურვილი ამისრულდეს. გამწარებული დედა, შვილმკვდარი დედა გთხოვთ დამეხმაროთ, რომ ჩემი შვილი საქართველოს მიწას მივაბარო”, წერს ემიგრანტი დედა, კატერინა წიკლაური.


ეს წერილი არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელმა შოთა სიხარულიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოკლულის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, Newsreport.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა – უწყების ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.