“ივანიშვილი დარბის ხიბულაში, რომ იმათხოვროს ხმებისთვის”-თინა ბოკუჩავა

“ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში” – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს და ენმ-ს წევრების დაკავებას ეხმაურება

„ადამიანი, რომელიც მართლაც დასაჭერი იყო გუშინ, ეს იყო ირაკლი ფაცაცია, ზუგდიდის პოლიციის უფროსი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა გარდა იმისა, რაც უნდა გააკეთოს პოლიციელმა. სანდრა რულოვსის შტაბის წევრებზე და თავად სანდრა რულოვსზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი, მათშორის შეხვედრების დროს და როდესაც აღნიშნული შეამჩნიეს შტაბის წევრებმა და გამოიძახეს პოლიცია მიიღეს ის პროვოკაცია და ის საქციელი რაც ვიხილეთ ირაკლი ფაცაციას მხრიდან. სადაც ძალადობდნენ პირდაპირ ანა წითლიძეზე, ქალზე რომელიც არის ჩვენი ზუგდიდის რაიონის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაიაზე, რომელიც მრავალი წელია ჩვენი პრესსამსახურის უფროსია. ეს არის თავზე აღებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში. ამიტომ დარბის ხიბულაში იმისთვის, რომ იმათხოვროს ხმებისთვის. ამიტომ მიუქსია ფაცაციას სახით და გახარიას ზონდერები სანდრა რულოვსის კამპანიას,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, მათ მთელი დღის განმავლობაში უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამი წევრი დააკავა. მათ აყვანაში ზუგდიდის პოლიციის უფროსი მონაწილეობდა.