კანადის მოქალაქეს ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ კანადის მოქალაქეს ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გამოტანილი 15 წლიანი პატიმრობის განაჩენი სიკვდილით დასჯით შეუცვალა. კანადელის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას საშინელს და არაადამიანურს უწოდებს. კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრიუდომ კი პეკინი სიკვდილით დასჯის გაუმართლებელ გამოყენებაში დაადანაშაულა.

36 წლის რობერტ შელენბერგი ჩინეთში 2014 წელს დააკავეს და 227 კგ მეტამფეტამინის ჩინეთიდან ავსტრალიაში გადატანის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. შელენბერგი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ჩინეთში როგორც ტურისტი ისე ჩავიდა.

2018 წლის 20 ნოემბერს ქალაქ დალიანის სასამართლომ შელენბერგს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით. კანადელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დეკემბერში, აპელაციაში საქმის მსვლელობისას პროკურორმა საქმე განმეორებით განხილვაში დააბრუნა. განმეორებითი სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა და ამავე დღეს კანადელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რადგან სასამართლომ წინა სასჯელი მეტისმეტად მსუბუქად ჩათვალა.

შელენბერგს გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლია.

ექსპერტების განცხადებით განმეორებითი სასამართლო პროცესები ჩინეთში იშვიათია. განსაკუთრებით იშვიათია შემთხვევები, როცა განმეორებით სასამართლოზე იმაზე მკაცრი სასჯელი დგინდება, ვიდრე თავდაპირველად.

Amnesty International –ის ჩინეთის მიმართულების სპეციალისტის თქმით სავარაუდოდ ჩინეთს უნდა კანადას მკაცრი სიგნალი გაუგზავნოს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გააფრთხილა კანადის მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში აპირებენ წასვლას რომ ამ ქვეყანაში კანონების თავნებურად გამოყენების საფრთხე არსებობს. და მათ უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

რობერტ შელენბერგისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი კიდევ უფრო გააუარესებს კანადასა და ჩინეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გაფუჭდა, რაც აშშს მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში ვანკუვერში Huawei –ს ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააკავეს. დაკავების შემდეგ ჩინეთმა კანადა “სერიოზული შედეგების “ შესახებ გააფრთხილა. რამდენიმე დღეში ჩინეთში ორი კანადელი დააკავეს – ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი და ბიზნესმენი მაიკლ სპავორი. ორივეს ბრალად ედება საქმიანობა, რომელიც “ჩინეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.“