ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა თბილისში საკუთარი წიგნის პრეზენტაციას დაესწრება

{{ARTICLEIMAGE}}
ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, თბილისში დაესწრება მისი ერთ-ერთი მთავარი რომანის “გასაუბრება კათედრალში” ქართული თარგმანის წარდგენას. წიგნის წარდგენა თბილისში 2019 წელსაა დაგეგმილი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართველ მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლიოსას რომანი “ცუდი გოგოს ოინები”. რომანში მწერალი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის რთული, წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობების შესახებ, რომელიც ადრეულ სიყმაწვილეში იწყება და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სდევს პერსონაჟებს. რომანის გმირების მღელვარე ცხოვრება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ტრანსფორმაციის პარალელურად ვითარდება. წიგნს ვრცელი გეოგრაფია აქვს – ლიმა, პარიზი, ლონდონი, ტოკიო, მადრიდი.