კორონავირუსის გამო მსოფლიო მკვეთრად გაღარიბდება. ვის დაუჯდება ყველაზე ძვირი ეპიდემიის შედეგები

კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა კრიზისის ზღვარზე დააყენა და ეს კრიზისი ბოლო ასწლეულის მანძილზე შესაძლოა ყველაზე სერიოზული აღმოჩნდეს. პლანეტის სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი ყოველდღიურად იწურება, მკურნალობისთვის დახარჯული თანხები კი უსწრაფესად იზრდება. ვირუსი მსოფლიოს უკვე დაუჯდა ათეულობით მილიარდი დოლარი. და როგორც ეკონომისტები გვაფრთხილებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

თუ აშშ–სა და ევროპაში კარანტინის გამოცხადებამდე და ფინასური და ნედლეულის ბაზრების ჩამოშლამდე ექსპერტები ფრთხილად პროგნოზირებდნენ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შეჩერებას, ახლა უმრავლესობა თანხმდება, რომ მსოფლიო მნიშვნელოვნად გაღარიბდება.

ისინი გვაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა უფრო დამანგრეველი აღმოჩნდება პლანეტის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიდრე ათი წლის წინანდელი ფინანსური კრახი, რადგან ამჯერად პრობლემები უფრო ღრმაა.

გასულ ჯერზე ჩავარდნილი საბანკო სისტემა ცენტრალურმა ბანკებმა ამოქაჩეს. ამჟამიდელმა კრიზისმა კი ეკონომიკის ყველა სფერო მოიცვა და გააჩერა: წარმოება, მომსახურების სფერო, მოთხოვნა – ამიტომაც საჭირო იქნება მიზნობრივი ინტერვენციები, რაშიც ყველას მოუწევს წვლილის შეტანა.

“ანტიკრიზისული ინსტრუმენტები, რომლებიც მსოფლიო საფინანსო სისტემის და ევროზონის კრიზისების შემდეგ მუშავდება ხოლმე, სრულიად სხვა სახის პრობლემებთან საბრძოლველად არის განკუთვნილი. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის“– თანხმდებიან ეკონომისტები, რომლებიც ღია წერილში წერენ, რომ კორონავირუსი არა მხოლოდ ევროპის ეკონომიკას, არამედ მის ერთიანობასაც ემუქრება.

მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელისუფლებებს გადასახადის გადამხდელების მილიარდობით დოლარის დახარჯვა მოუწევთ, რათა კრიზისის მიზეზი აღმოფხვრან – ეპიდემია შეაჩერონ, შემდეგ კი შედეგებს გაუმკლავდნენ – მხარდაჭერა აღმოუჩინონ დაზარალებულ ადამიანებს და ბიზნესს. თუმცა ეს ადვილი არ იქნება: საჭიროა სწრაფი და მკვეთრი მოქმედებები, დიდი ხარჯები და კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, რაც ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ადვილი არ არის.

ზოგმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ კრიზისთან საბრძოლველად ფულს გამოყოფს. ზოგ ქვეყანაში პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ვაჭრობენ. ნებისმიერ შემთხვევაში ფინანსური გათვლები ჯერჯერობით მხოლოდ მიახლოებითია, თუმცა თანხებმა უკვე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ეკონომისტების ერთი ჯგუფის გათვლებით ევროკავშირის ქვეყნებს ერთ წელიწადში დაახლოებით 350 მილიარდის დახარჯვა მოუწევთ ერთთვიანი კარანტინის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ეს თანხა სამი ძირითადი მიმართულებით დაიხარჯება: ჯანდაცვის, ადამიანების და ბიზნესის მხარდასაჭერად.

პირველი მიმართულება ეპიდემიის დაძლევის საშუალებებს გააძლიერებს, მეორე– ეკონომიკაში მოთხოვნას გააჩენს და სოციალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. მესამე – საქონლისა და მომსახურების მიწოდებას აღადგენს.

სახელმწიფო დახმარება დაჭირდებათ როგორც კარანტინის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ასევე კომპანიებს, რომლებმაც სამუშაო ძალა, მიმწოდებლები და მომხმარებლები დაკარგეს. თანხები შეიძლება საბიუჯეტო სუბსიდიების, საგადასახადო არდადეგების ან ფულადი კომპენსაციების სახით ანაზღაურდეს.

ბევრ ქვეყანაში ხაზინის სოციალური ხარჯები გაიზრდება, თუ ხელისუფლებები კრიზისის დროს პოლიტიკას შეცვლიან, მაგალითად გაზრდიან უმუშევრობის შემწეობას და გააფართოვებენ ამ და სხვა ტიპის კომპენსაციების მიმღებთა წრეს.

ბიზნესი უკვე განგაშის ზარებს რეკს და უკვე აშკარაა, რომ აქ საქმე მხოლოდ მოგების შემცირებას არ ეხება. მილინობით ადამიანი უბრალოდ სამსახურს დაკარგავს, ათასობით ფირმა გაკოტრდება. ხელისუფლებები რთული არჩევანის წინაშე დგანან: ახლავე მხარი დაუჭირონ ბიზნესს თუ მოგვიანებით დაეხმარონ უმუშევრებს, თანაც იმ პირობებში, როცა ხაზინაში სულ უფრო ნაკლები ფული იქნება საგადასახადო შენატანების სახით.

ყველაზე მძიმე დღეში ამჟამად ტურიზმი და ავიაციის სფეროა. ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭომ განაცხადა, რომ პანდემიამ შეიძლება დარგში 50 მილიონი ადამიანი უმუშევარი დატოვოს და წელს ტურისტული მომსახურებების ბაზარი მეოთხედით შეამციროს.

ავიაკომპანიებმა მკვეთრად შეამცირეს მგზავრების გადაყვანა ჯერ აზიაში, შემდეგ კი აშშ–სა და ევროპაში. ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე კრიზისი სამოქალაქო ავიაციის არსებობის ისტორიაში და უკვე მოითხოვეს მილიარდობით დახმარება მთავრობებისგან ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფრენების აკრძალვების დიდი ნაწილი ამოქმედდებოდა.

საფრთხის ქვეშ არის მომსახურების მთელი სფერო: რესტორნებიდან და კინოსტუდიებიდან დაწყებული, უნივერსიტეტებით და ტაქსის მომსახურებით დამთავრებული. დიდი სპორტი მილიარდიანი შემოსავლების გარეშე დარჩა, რასაც ტრანსლაციების და ბილეთების გაყიდვით იღებდა. დოტაციების რიგში ჩადგნენ ნავთობის კომპანიებიც კი, რომლებიც ნავთობის ფასის ვარდნამ შოკში ჩააგდო.

და ეს მხოლოდ დასაწყისია

დახმარება ყველას ჭირდება, ურთიერთმხარდაჭერის სალაროში კი ფული ცოტაა.

საბიუჯეტო დახმარების პაკეტი აშშ–ში ჯერ მხოლოდ კონგრესის ქვედა პალატაში გავიდა და მისი მოცულობა მხოლოდ დაახლოებით არის ცნობილი: ის 10 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა ნამდვილად არ არის 50 მილიარდი დოლარი, რომელიც ტრამპმა ახსენა.

ევროკავშირმა 40 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დადო. სხვებზე მეტად დაზარალებული იტალია 25 მილიარდ ევროს გამოყოფს. შვეიცარია და სამხრეთ კორეა 10 მილიარდ ევროს. ეგვიპტე 6 მილიარდს. საფრანგეთი, ავსტრია, ახალი ზელანდია და იაპონია პირობას დებენ, რომ “ყველაფერს გააკეთებენ, რასაც შეძლებენ“, რათა ეკნომიკას ხაზინის ხარჯზე დაუჭირონ მხარი. ჩინეთმა წარმოების სტიმულირების მაშტაბური პროგრამა წამოიწყო შეღავათიანი კრედიტების და საგადასახადო შეღავათების ხარჯზე.

და ეს მაშინ, როცა ჯერჯერობით არცერთ ამ ქვეყანას კრიზისის შედეგები ბოლომდე არ აქვს დათვლილი და გაცნობიერებული. შედეგები კი ექსპერტების აზრით სერიოზული იქნება. ისინი პროგნოზირებენ, რომ სულ მალე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ისეთ მაშტაბურ და სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შეეჯახება, როგორიც აქამდე არ უნახავს.

“გლობალური ეკონომიკის ეპოქაში ყველაფერი მზარდ ურთიერთკავშირზეა აწყობილი. უცებ კი ჯანდაცვის ინტერესებმა სოციალური გათიშულობა, დაყოფა და იზოლაცია მოითხვა. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც საფუძვლად უდევს ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობას და ფინანსურ სტაბილურობას. “– ამბობს ეკონომისტი მოჰამედ ელ ერიანი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.