Le Monde:აშშ–ს და ბრიტანიის დაზვერვებმა უკვე ოქტომბრისთვის იცოდნენ, რომ პუტინმა ომი ჩაიფიქრა

გავლენიანი ფრანგული გაზეთი Le Monde ფრანგულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ–ს და ბრიტანეთის დაზვერვებმა უკვე შემოდგომაზე, კერძოდ ოქტომბრისთვის იცოდნენ უკრაინაში შესაჭრელად რუსეთის მზადების შესახებ და ეს ინფორმაცია მოკავშირეებს – გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას გაუზიარეს. თუმცა, გაზეთის ინფორმაციით მოკავშირეებმა, რომლებსაც სამხედრო მზადების რეალურობაში ეჭვი არ შეუტანიათ, ამ ფაქტის სხვაგვარი ინტერპრეტაცია არჩიეს. მათ ჩათვალეს, რომ ეს არა ნამდვილი ომისთვის მზადება, არამედ ბლეფი და პუტინის მცდელობა იყო, დასავლეთი დათმობებზე წაეყვანა.

შეგახსენებთ, რომ დასავლურ პრესაში პირველი ცნობები უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ დაზვერვის სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა. მართალია, სხვადასხვა მსხვილი დასავლური ქვეყნების დაზვერვებს შორის კონსულტაცია ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო, მაგრამ ფრანგული წყაროს თქმით, “ანგლოსაქსებმა“ საკუთარი ინფორმაციის წყაროების შესახებ პარტნიორებს ინფორმაცია თავიდანვე არ მიაწოდეს.

ამასთან, უკვე დეკემბრისთვის აშშ–ს დაზვერვის დირექტორი, ევრილ ჰეინსი დაბეჯითებით არწმუნებდა მოკავშირეებს, რომ პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაზე თავდასხმის შესახებ და მისი განცხადებები, რომლითაც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა მათ მოტყუებას და დროის მოგებას ემსახურებოდა, წერს Le Monde. კონტინენტური ევროპის ქვეყნების დაზვერვებს გარკვეული დროის მანძილზე ამაში ეჭვი ეპარებოდათ. სწორედ სიტუაციის შეფასებაში სხვაობამ გამოიწვია ის, რომ აშშ–მ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინული ჯარის გაწვრთნა დაიწყეს და მისთვის იარაღის მიწოდება გაზარდეს, გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას კი ეს უშუალოდ ომის დაწყებამდე არ გაუკეთებიათ.