საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას თანამოაზრე, ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არაადეკვატურს უწოდებს. მისივე შეფასებით, კობახიძე ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია. გოგიჩაიშვილის ეს შეფასება პარლამენტის პლენარულ სხომაზე შესვენების გამოცხადებამდე, კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარემ გოგიჩაიშვილი მისი პოზიციის გამო “ნაციონალურ მოძრაობასთან” დააკავშირა.
“დაკარგული აქვს რეალობის განცდა, მორალზე აღარ ვსაუბრობ – როცა ამბობს, რომ ჩინჩალაძე ცუდი იყო, ახლა კარგი გახდა – საკუთარი სიტყვებით მორალს ხაზი გაუსვა. ვერ არის თავის თვში დარწმუნებული, ვერ არის”,განუცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს და რომელმაც უმრავლსეობასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
ეკა ბესელიას თქმით, ინიციატივა სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაშვებას არ ისახავს მიზნად და გარკვეული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა კანონპროექტი სასამართლო კორპუსის განახევრებას გამოიწვევს, ხელოვნურად შექმნილი არგუმენტია.