ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი:განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსთან ურთიერთობებს

{{ARTICLEIMAGE}}

ვილნიუსში ლიეტუვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, საულიუს სკვერნელისის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.


პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს და ლიეტუვის მთავრობების და პარლამენტების წევრები. განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნისუში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.


ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი: ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ლიეტუვა მრავალი წელია, განსკათრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას გეგმავს მომავალშიც. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მტკიცე მისწრაფებას ევროკავშირსა და NAtO-ში სრული ინტეგრაციისადმი, ლიეტუვას მაგალითის მსგავსად. ასევე მხარს ვუჭერდით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისადმი, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ აღნიშნულს ვახორციელებთ და განვახორციელებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.


ვიზიტის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც სიმბოლურ თემატიკას, ასევე ძალზე პრაქტიკურ მიმართულებებსაც. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ.


ასევე კარგი სიახლეა ის, რომ აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.

ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი “სტარტაპებით”, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის.


უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები.

ჩვენ მხარს ვუჭეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება. ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეიარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებებს.