მთაწმინდის რაიონში მრავალშვილიანი დედების ავტორბოლა ვეღარ გაიმართება

გამგეობამ მთაწმინდის რაიონში ავტორბოლის მოყვარული მრავალშვილიანი დედები ვერ იპოვა და ტენდერი შეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ ავტოსპორტით რაიონის მოსახლეობა დაინტერესდა, თუმცა მათ შორის არცერთი იყო მრავალშვილიანი. სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმში განმარტებულია, რომ ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა კანონით შეუძლებელია, კომისიამ ტენდერის შეწყვეტა გადაწყვიტა. თუმცა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ ავტორბოლის მოყვარულ მრავალშვილიან და ასევე არამრავალშვილიან დედებს პირდებიან, რომ ტენდერი – შესაბამისი მოთხოვნებით, ხელახლა გამოცხადდება.

ვიდრე ახალ ტენდერს გამოაცხადებენ, მთაწმინდის გამგეობას მრავალიშვილიანი დედების ავტორბოლა ასე წარმოედგინა: მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებოდნენ ქ. თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებდა ესკორტი, რომელიც გაივლიდა ყველა წესების დაცვით. ესკორტს წინ გაუძღვებოდა 12 კაციანი ორკესტრი. შეჯიბრი გულისხმობდა ღია სივრცეში, არანაკლებ ასი მეტრის ტრასის მინიმალურ დროში გავლას – ავტომანქანის ფლობის ოსტატობის ამაღლების მიზნით. მონაწილე პროფესიონალი მძღოლების შერჩევას მოახდენდა მიმწოდებელი, მონაწილე მრავალშვილიანი დედებს შეარჩევდა შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნებოდა მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი. ღონისძიების ჩატარებამდე, მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალბატონს უნდა ჩატარებოდა საკვალიფიკაციო ვარჯიშები. ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მიმწოდებელი.

რაც შეეხება საჩუქრების გადაცემის ცერემონიას ავტორბოლაზე შეყვარებული მრავალშვილიანი 15 ქალბატონისთვის: მოედანზე უნდა მოეწყოთ სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა. ღონისძიება უნდა ჩაატაროს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ნებართვის მქონე, ან მის მიერ ლიცენზირებულმა ორგანიზაციამ.

სატენდერო დოკუმანტაციაში ასევე საინტერესო დეტალია გასაწევი მომსახურების გრაფა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პირველადგილოსანი ქალბატონისთვის განკუთვნილი იქნებოდა
250 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი; 200 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მეორე ადგილოსნისთვის; 150 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი მესამე ადგილოსნისთვის (პარფიუმერიის მაღაზია შემსყიდველთან შეთანხმებით) 100 ლარიანი პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერი 12 მონაწილისთვის; 30 ცალი ყვავილების თაიგული მონაწილეებისთვის (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით); ხარჯი ასევე ითვალისწინებდა ცნობადი მომღერლის მომსახურებით უზრუნველყოფას (შემყიდველთან შეთანხმებით) და 12 კაცისგან შემდგარი მოსიარულე ორკესტრის მომსახურებით უზრუნველყოფას.

ცნობისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობას 14 115 ლარის ტენდერი, მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ – ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის,- მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით – ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებისთვის ქონდა გამოცხადებული.


მასალაში გამოყენებული ფოტო  – რადიო თავისუფლება