„სუსტი და მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – ამ განცხადებით, ეხმაურება „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.
ვაშაძე განმარტავს, რომ თუ ხელისუფლება შეძლებს და სიტუაციიდან გამოსავლის ნახვას შეეცდება, არაერთი მექანიზმი არსებობს, რაც შეიძლება სახელმწიფომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
„ნათლად ვხედავთ, რას ნიშნავს რუსეთზე ან რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება, რომ მათ ყოველთვის გამოიყენონ ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მთავარი აქ არის მოქმედება ხელისუფლების. იმიტომ, რომ თუ ისინი მიდიან სანქციების მიმართულებით გარკვეულ საკითხებზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს, ერთ-ერთი მთავარი პირობა საქართველოსთვის იმისთვის, რომ მიეცა მათთვის თანხმობა გაწევრიანებაზე, გარდა იმისა, რომ ქართულ-რუსული საზღვრის კონტროლი უნდა მოხდეს, იყო ის, რომ მას სანქციები უნდა მოეხსნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ არსებობს მექანიზმები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია, თუმცა, სუსტი და მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.













