NATO-ს კარი ღია რჩება, მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა – სტოლტენბერგი

NATO-ს კარი ღია რჩება, მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა – ამის შესახებ,  NATO-ს გენერალურმა  მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

“ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში, სამიტზე შევხვდით და ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი უსაფრთხოების ორგანიზაციის ნაწილი უნდა, რომ იყოს და რა თქმა უნდა შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენი ფოკუსი ახლა არის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, უკრაინის დახმარებაზე რუსეთის დაპყრობითი ომის შესაჩერებლად. ძირითადი აქცენტი ამაზე გვაქვს გადატანილი ამ დროისთვის” –  განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, ზელენკის ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომისკენ მოუწოდა, თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მანამ სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქნება. ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.