New York Times:უკრაინამ საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა.რუსული დარტყმების ინტენსივობა შემცირდა

უკრაინამ “საარტილერიო უპირატესობა“ მოიპოვა დასავლეთიდან ძლიერი იარაღისა და მარტივი უპილოტო აპარატების მეშვეობით – ასეთ დასკვნამდე მიდის საკუთარ რეპორტაჟში გამოცემა New York Times.

გამოცემის აზრით, უპირატესობა საარტილერიო დანადგარების რაკეტების მაღალ სიზუსტესა და სიშორეში მდგომარეობს, ასევე შეიარაღების კლასში, რომლის ნაკლებობა რუსულ არმიაში აშკარაა.

უკრაინელი სამხედროები მილიონობით დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკას იაფფასიანი, თვითნაკეთი დრონებით ანადგურებენ, ასევე უფრო სრულყოფილი უპილოტო აპარატებით და სხვა იარაღით, რომელიც აშშ–მ და მოკავშირეებმა მისცეს – ნათქვამია სტატიაში. ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები რჩება მრისხანე ძალად ფრთოსანი რაკეტებით, დიდი არმიით და მილიონობით, თუმცა არაზუსტი საარტილერიო ჭურვით.

სტატიის ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ უკრაინის მზარდმა საარტილერიო უპირატესობამ, რომელიც სრულიად განსხვავდება ზაფხულის სიტუაციისგან, როცა რუსეთი უკრაინულ პოზიციებს  ნაღმტყორცნებით და საარტილერიო ცეცხლით ფარავდა, უკრაინელებს საშუალება მისცა ნელა, დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ მაინც, წინ წავიდეს სტრატეგიული საპორტო ქალაქის, ხერსონისკენ.

ახლა, უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, ხერსონის ოლქში მხარეები ერთნაირი რაოდენობის დარტყმებს ახორციელებენ, თუმცა უკრაინელების დარტყმები არა მხოლოდ უფრო შორ მანძილზე აღწევს, არამედ უფრო ზუსტიც არის – დასავლეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე საარტილერიო ჭურვების და რაკეტების გამო, რომელთა დამიზნება თანამგზავრის დახმარებით ხდება– წერს New York Times.

“ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მათ პოზიციებამდე, მათ   კი არ შეუძლიათ ჩვენ მოგვწვდნენ. მათ ასეთი იარაღი არ აქვთ“– ამბობს გამოცემასთან საუბრისას უკრაინული არმიის მაიორი, ხერსონის ფრონტზე საარტილერიო ბატარეის მეთაური.

მისი თქმით, რუსული მხრიდან ცეცხლის ინტენსივობა სამჯერ შემცირდა, რაც მეტყველებს საბრძოლო მასალების უკმარისობაზე. გარდა ამისა, ამერიკულმა ჰაუბიცებმა  M777, რომლებიც მაღალი სიზუსტის ჭურვებს ისვრის, აიძულა რუსი სამხედროები მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზიდან მოშორებით განალაგონ. საცეცხლე ძლიერებამ უკრაინის სამხრეთით ბალანსი დაარღვია და უკრაინელებს ხერსონის დაბრუნების იმედი მისცა– წერს გამოცემა.