NYT–ის გამოძიება:რატომ ვერ წარიმართა უკრაინაში შეჭრა პუტინის გეგმის მიხედვით

ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა დეტალური გამოძიება, რომლის ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში საერთოდ არ წარიმართა ვლადიმერ პუტინის გეგმის მიხედვით.

ჟურნალისტებმა შეისწავლეს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ისაუბრეს დასავლეთის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებთან. მათ წყაროები რუსეთშიც ჰქონდათ.

აი  რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გააკეთეს:

ომის დროს შეერთებულმა შტატებმა შეიტყო, რომ რუსი გენერალი ვალერი გერასიმოვი  ფრონტის ხაზზე მისვლას აპირებდა, მაგრამ იმის შიშით, რომ მისი მკვლელობა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას მოახდენდა, მათ ეს ინფორმაცია არ გაუზიარეს უკრაინის  შეიარაღებულ ძალებს. თუმცა უკრაინელებმა მაინც გაიგეს გერასიმოვის დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ. შიდა დავების შემდეგ, ვაშინგტონმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და სთხოვა  უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არ დაერტყა გერასიმოვისთვის, როდესაც ის ჩამოვიდოდა. მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპასუხეს, რომ შეტევა უკვე დაწყებული იყო. რამდენიმე ათეული ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთის პოზიციებზე დარტყმის შედეგად, მაგრამ გერასიმოვი მათ შორის არ იყო.

რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი ბრძოლის ველზე საკმარისი საკვების მარაგის გარეშე გაგზავნეს. მათ ასევე გაიხსენეს, როგორ უყურებდნენ მათი ოცეულების სიკვდილს.

დაღუპული რუსი ჯარისკაცების ნივთებში ხშირად პოულობდნენ 1960-იანი წლების რუკას და ვიკიპედიიდან ამონაბეჭდ ქაღალდს, თუ როგორ უნდა გამოიყენო სნაიპერული შაშხანა. საუბარში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თქვა, რომ ბრძოლამდე მისთვის იარაღის გამოყენება არ უსწავლებიათ.

რუსმა მაღალჩინოსანმა ნოემბერში განუცხადა CIA-ს დირექტორს უილიამ ბერნსს, რომ რუსეთი არ გაჩერდება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მისი ჯარისკაცი დაიღუპა ომში. ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა თქვა, რომ მოსკოვი მზად არის დაკარგოს დაახლოებით 300 ათასი ჯარისკაცი მოკლულების ან დაჭრილების სახით – ეს დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე რუსეთმა დაკარგა ომის დაწყების შემდეგ.

შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს და უთხრა, რომ უკრაინელები „უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე მას [პუტინს] უთხრეს“. „მაგრამ ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ და მოთმინება გვაქვს“, – დასძინა პუტინმა– წერს გამოცემა.