NYT-მა ბუჩაში მოსახლეობის სიკვდილით დასჯის ახალი კადრები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა

ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა ბუჩაში იაბლონსკას ქუჩაზე მოსახლეობის სიკვდილით დასჯის ახალი კადრები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა  გამოცემამ ასევე შეძლო სულ მცირე რვა მამაკაცის დახვრეტის ფაქტის დამტკიცება, მათი უმეტესობა ადგილობრივ ტერიტორიულ თვდაცვაში მუშაობდა, ისინი შეუიარაღებლები იყვნენ, როდესაც რუსმა სამხედროებმა დააკავეს და დახოცეს.

ადგილობრივების დახვრეტის შესახებ New York Times-ს რვა თვითმხილველმა უამბო, ერთ-ერთი მათგანი 43 წლის მშენებელი, ივან სკიბაა რომელიც  სიკვდილს გადაურჩა. მისი თქმით, მათ მუხლებზე დგომა აიძულეს. მისივე თქმით, დესანტებმა ის მოქალაქეც მოკლეს, რომლებმაც ისინი სახლში შეიფარა. სკიბა სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ თავდაპირველი გასროლით ის დაიჭრა და რუსებს თავი მკვდრად მოაჩვენა.

სატელიტური ვიდეოსა და ფოტოების მეშვეობით, რომლებიც რუსების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ არის გადაღებული, ჟურნალისტებმა შეძლეს რამდენიმე მოკლულის იდენტიფიცირება და მოვლენების მსვლელობის აღდგენა.

ესენი არიან: ანატოლი პრიხოდკო, ანდრეი მატვიჩუკი, ანდრეი ვერბოვი, დენის რუდენკო, ანდრეი დვორნიკოვი, სვიატოსლავ ტუროვსკი, ვალერი კოტენკო და ვიტალი კარპენკო.

დაღუპული ადამიანების ცხედრები ეზოში თვეზე მეტხანს იყო.

მედესანტეები, რომლებმაც მოქალაქეები დახოცეს, რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან არიან.  ადგილზე დატოვებული და შემდეგ აღმოჩენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რუსი სამხედროები  104-ე პოლკიდან იყვნენ.

ბუჩის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პირველი კადრები აპრილის დასაწყისში გავრცელდა, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს.