ოჯახს ექიმისთვის არ მიუმართავს-სოფელ ბრეთში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გარდაცვლილი 1 წლის და 10 თვის ბავშვი ექსპერტიზიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. გახდა თუ არა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ოჯახში არსებული არასათანადო პირობები, გამოძიება დაადგენს.

როგორც ცნობილია, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბავშვის სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებისთვისაც კი არ მიუმართავთ.

გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, რომ წინა დღეს მცირეწლოვანს სიცხე ჰქონდა, წამალი დაალევინეს. მისივე თქმით, სიცხის დაწევის შემდეგ ბავშვი დილით კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

“სიცხე მისცა წუხელ, ციტრამონი დავალევინეთ ნახევარი და დაუწია იმ წუთში. მერე დავაძინეთ, დილის 06:00 საათზე შემოვარდა ბიჭი და ბაბო, რაღაც ბავშვი ცივიაო, მომარბენინებდა ხელით და მოდი, აბა, ნახე, რა სჭირს, რა მოუვიდა ბავშვსო და ვნახე და კრიჭა უკვე შეკრული ჰქონდა ბავშვს. აქ დაყავდა ხოლმე ამბოლატორიაში, აცრებზე, გასინჯვაზე, თუ რამე პრობლემა იქნებოდა, მიყავდა ხოლმე. არაფერი არ სჭირდა ამ ბავშვს, ასე უცებ არ ვიცი,” – თქვა ლენა რუტინსკიმ.

პედიატრი, თამარ ოქროპირიძე ადასტურებს, რომ ბავშვები არასათანადო პირობებში იზრდებოდნენ და იმ ფაქტსაც იხსენებს,რომ ცოტა ხნით ადრე მცირეწლოვნის უფროსი ძმა ფილტვების ანთებით ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში სამკურნალოდ თავად გადაამისამართა.

“ოთხშაბათს უფროსი შვილი მომიყვანა დედამ, იმას ფილტვების ანთება დავუდგინე და გავაგზავნე საავადმყოფოში, იმიტომ, რომ ოჯახს წამლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ბავშვები ძალიან შეუფერებელ პირობებში იზრდებიან. გავაგზავნე, გადავურეკე პედიატრსაც, გავაკონტროლე, ბავშვი დააწვინა, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ფილტვების ანთება დაუდგინდა. მეორეც წაუყვანია სასწრაფოს, ისიც ცერემბრალური დამბლით არის ბავშვი, ორი დღის მერე ისიც დაწვა,” – ამბობს პედიატრი.

ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, ლია გოჩაშვილი ადასტურებს, რომ ამ ოჯახიდან ორი ბავშვი გადის მკურნალობის კურსს.

“ბავშვზე, რომელიც ბინაზე დაიღუპა, არც ოჯახის ექიმს არ უნახია და არც ჩვენთან ექიმთან არ ჰყოლიათ. მე როგორც ვიცი, ბებიის გადმოცემით, არც მკურნალობა არ უტარდებოდა ბინაზე, თუმცა, იმასაც აღენიშნებოდა, ბებიის თქმით, გრიპოზული მოვლენები,” – განაცხადა ლია გოჩაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.