{{ARTICLEIMAGE}}
“საქართველოში რელიგიური სახის დასაფარი აქსესუარების ტარების აკრძალვა ქალებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააგდებს”, – საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რომ ბურკინისა და ნიქაბის ტარების ვალდებულებაც იძულებითი და დისკრიმინაციული ფორმაა, მაგრამ საერთოდ აკრძალვა სიტუაციას უფრო გაართულებს.
ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ემზარ კვიციანი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს სახალხო დამცველი მის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მუსლიმი ქალებისთვის აქსესუარების, ბურქის და ნიქაბის აკრძალვას ითვალისწინებს.
“აკრძალვის შემთხვევაში ისინი გარეთ გამოსვლას და თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აკრძალვა იქნება მათი უფლებების დაცვა. იმ კონტექსტიდან გამომდინარე რა კონტექსტშიც უწევთ მათ ცხოვრება”, განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენის თქმით, შესაძლოა, სახის დასაფარი აქსესუარის ტარება აიკრძალოს საჯარო უწყებებში, სადაც საჭიროა ფოტოგადაღება, მაგრამ ზოგადად მისი ტარების აკრძალვა არასწორია და ამ ქალების უფლებრივ მდგომარეობას უფრო დააამძიმებს.
ლომჯარიამ საფრანგეთის მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სახის დაფარვის აკრძალვა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ აკრძალვა დისკრიმინაციულ სიტუაციაში აყენებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც რელიგია ავალდებულებს ეს ტანისამოსი ატარონ.














