პანიკა და კაპიტულაცია: საფონდო ბირჟები კორონავირუსს დანებდნენ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე

ინვესტორებმა ბოლო ბოლო დაიჯერეს, რომ მსოფლიო კორონავირუსის გამო სულ უფრო გაღარიბდება და ორშაბათს “ათწლეულის გაყიდვა“ მოაწყვეს. ასეთი რამ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა, რომლის შემდეგაც მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუბრუნდა ძველ ნიშნულს.

ბოლო რამდენიმე კვირა ეპიდემია მომავლის რწმენას არყევდა, თუმცა ბაზრები მაინც ასე თუ ისე იმაგრებდნენ თავს და ყოველ ჯერზე ვარდნის შეჩერებას ახერხებდნენ იმის იმედით, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. თუმცა, გასული შაბათ–კვირის ამბებმა ოპტიმიზმი გააქარწყლა და პანიკა დათესა: ვირუსმა დასავლეთის ქვეყნებში მოიკიდა ფეხი, იტალიამ კი ქვეყნის ყველაზე მდიდარ რეგიონში კარანტინი გამოაცხადა.

ბოლო წვეთად იქცა ფასების ომი ნავთობის ბაზარზე. საუდის არაბეთმა რუსეთთან უთანხმოების შემდეგ ნავთობის “ონკანები გახსნა“, რის შემდეგაც ნავთობის ფასი მესამედით დაეცა, რაც მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მაშტაბური გაყიდვების ტრიგერი გახდა.

ევროპასა და აშშ–ში აქციების ფასი საშუალოდ 6–10%–ით დაეცა, გახსნიდან რამდენიმე წუთში კი ნიუ იორკის საფონდო ბირჟის თხუთმეტი წუთით დახურვა გახდა საჭირო, იმისათვის, რომ გამყიდველთა ვნებები ოდნავ განელებინათ. ნედლეულით მდიდარი ქვეყნების ვალუტის კურსები, რუსული რუბლის ჩათვლით მკვეთრად მცირდება, განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ვალი კი ძვირდება, მიუხედავად ნულოვანი ან ზოგჯერ უარყოფითი შემოსავლიანობისა.

ინვესტორებისთვის მთავარ ამოცანად არა კაპიტალის გამრავლება, არამედ მისი შენარჩუნება და დანაკარგების მინიმიზაცია იქცა. მსგავსი სცენარი პრობლემებს უქადის მათაც, ვინც ფულს დეპოზიტებში და საპენსიო ფონდებში ინახავს. ასევე მათ, ვინც სესხულობს: რეცესიის საფრთხის გამო ბანკები ბიზნესის და მომხმარებლების დაკრედიტებისგან თავს იკავებენ. საფრთხის წინაშე არიან თავად ბანკებიც, რომლებიც კაპიტალს და შემოსავლებს კარგავენ.

ანალიტიკოსები ტრაგიზმში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ახალი ამბების გამოშვებები და საინფორმაციო საშუალებები კი მძიმე სათაურებით და ფრაზებით: “სისხლიანი სასაკლაო“ და “შავი ორშაბათი“ – შესაძლოა ისტორიულ პერსპექტივაში გაზვიადებული შედარება იყოს, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ ეს კვირა ბოლო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაშტაბური ვარდნით დაიწყო.

თუ პროცესი ასე გაგრძელდა, საფონდო ბირჟები თანამედროვე ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივ რბოლას შეწყვეტენ და მუდმივი ზრდიდან თანდათანობითი შემცირების პროცესზე გადავლენ, რაც ერთადერთ რამეს ნიშნავს: ინვესტორებს აღარ ჯერათ, რომ მსოფლიო ეკონომიკას აქვს უნარი კორონავირუსის აფეთქებას გაუძლოს და ზრდა გააგრძელოს. ისინი ახალი კრიზისისთვის ემზადებიან.

პანიკა და კაპიტულაცია

ბაზრები ახლა უკვე მძიმე პროგნოზებზე გადაეწყვნენ, არადა გასულ კვირას რეცეზიაზე საუბარს არავინ ჩქაროდა. მართალია ყველა აღიარებდა, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3%–იანი ზრდის იმედი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველაზე მძიმე სცენარშიც კი 1.5 %–იან ზრდას ვარაუდობდნენ და არა რეცესიას.

ვინაიდან ვირუსის აფეთქება “მსოფლიო ფაბრიკაში“– ჩინეთში დაიწყო, ამის გამო დაზარალდა როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა. კომპანიები მთელ მსოფლიოში ამცირებენ წარმოებას, შეჩერდა ვაჭრობა, ეცემა ტვირთების გადაზიდვის და მგზავრების გადაყვანის მაჩვენებელი. ადამიანები სახლში სხედან, საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია.
წინა კრიზისის რეცეპტი – მოთხოვნის სტიმულირება ეკონომიკაში იაფი ფულის ინექცირებით ამჯერად ნაკლებეფექტურია, რადგან ფული ვირუსს ვერ შველის, და ფაქტიურად ხელმიუწვდომელიაც გახდა.

რჩება საბიუჯეტო სტიმულირების გზა, დოტაციები და სახელმწიფოს მხრიდან იმ ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც შემოსავლების გარეშე დარჩა. თუმცა მთავრობების მიმართ არაერმა მოწოდებამ ცენტრალური ბანკების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ეფექტი იქონია. იტალიის, სამხრეთ კორეის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მთავრობების მიერ დაპირებული რამდენიმე მილიარდი სასაცილო თანხებია იმ ზარალთან შედარებით, რაც კორონავირუსმა ბიზნესს და ეკონომიკას მიაყენა.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა შენელდება, შესაბამისად მას ნაკლები რესურსები დაჭირდება. სწორედ ამიტომ გამოიწვია ვირუსის აფეთქებამ ნავთობის ფასის კლება. ტრადიციულად, მოთხოვნის ასეთი მკვეთრი შემცირების პერიოდებში ნავთობის წამყვანი მწარმოებლები – ოპეკის ქვეყნები საუდის არაბეთის და რუსეთის მეთაურობით ფასების შესანარჩუნებლად მიწოდებას ამცირებდნენხოლმე.


თუმცა ამჯერად საწინააღმდეგო მოხდა: მათ არა მხოლოდ მოპოვება არ შეამცირეს, არამედ მისი გაზრდა გადაწყვიტეს. რუსეთმა უარი თქვა ოპეკის ინიციატივის მხარდაჭერაზე იმის შიშით, რომ მსოფლიო ბაზარზე მისი ნავთობის მიწოდების ნებისმიერი შემცირება მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის – აშშ–სთვის აღმოჩნდებოდა ხელსაყრელი. საუდის არაბეთმა კი გადაწყვიტა გამოწვევა მიეღო და საპასუხოდ ნავთობის მიწოდება არათუ არ შეამცირა, არამედ გაზარდა. გარდა ამისა, კლიენტებს ფასდაკლებებიც შესთავაზა კონკურენტებისთვის ბაზრის წილის წართმევის იმედით.

ნავთობის ასეთი სიჭარბისთვის მსოფლიო მზად არ აღმოჩნდა, ამიტომაც ფასები მყისიერად მესამედით დაეცა. ბოლოჯერ ასეთი რამ შორეულ 1991 წელს, სპარსეთის ყურეში ომის დროს მოხდა.
ნავთობის ბაზრიდან პანიკა სხვა ყველა დანარჩენს გადაედო. ექსპერტები ამბობენ, რომ ნავთობის ფასების ვარდნამ ბაზრებზე ისედაც არამყარი წონასწორობა სრულად დაარღვია და ამ კვირაში პოზიციების სრულმაშტაბიანი ლიკვიდაციის, კაპიტულაციის ნიშნების და საყოველთაო პანიკის მომსწრენი გავხდით.

ნავთობის ფასის ვარდნამ ნედლეულის მომპოვებელი ქვეყნებისთვის პრობლემები გამოკვეთა, ამიტომაც მათი ვალუტები და ბაზრები პირველ რიგში დაზარალდნენ, ისევე, როგორც ნავთობკომპანიების აქციები დასავლურ ბირჟებზე. მას შემდეგ კი, რაც გამოიკვეთა რომ რეცესია ყველა ბიზნესს ზარალითა და გაკოტრებით ემუქრება, ბანკებს კი ცუდი კრედიტებითა და შემოსავლების კლებით, ინვესტორებმა აქციების გაყიდვა დაიწყეს.

მაინის ფრანკფრუტში ვარდნის ლიდერი Deutsche Bank–ის აქციები გახდა, პარიზში Crédit Agricole და Société Générale–ს აქციები გაუფასურდა.
თუმცა ჩამოშლილ ბაზრებზეც არსებობენ ოპტიმისტები: ორშაბათს პოპულარობით სარგებლობდნენ ავიაკომპანიების აქციები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კორონავირუსის გამო რისკ ჯგუფში პირველები აღმოჩნდნენ.

მათი აქციები ევროპულ ბირჟებზე ან გაძვირდა, ან სხვებზე ბევრად ნაკლებად გაუფასურდა, იმიტომ რომ გასულ კვირას მათ ყველაზე ხშირად იშორებდნენ თავიდან. ახლა კი ბევრი ფიქრობს, რომ ავიაკომპანიების აქციები პერსპექტიულად გამოიყურება, რადგან ნავთობზე და ავიასაწვავზე ფასების ვარდნა ავიაკომპანიებს დაეხმარება მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ურთულესი წელი შედარებით ადვილად გადაიტანონ.