საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასული სოციალ–დემოკრატები – გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური პატიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანდნენ, რომელსაც ახალი სახელი – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები დაერქმევა“.
განცხადებას ახალი წევრების მიღების შესახებ ირმა ინაშვილიც აკეთებს:
“ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური, ფრაქციის სახელწოდება იქნება “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატები” მოხარული ვარ, რომ გია ჟორჟოლიანი და მირიამ წიკლაური შემოგვიერთდნენ და ახლა ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება მსჯელობა რიგ საკითხებზე. მე ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და ახლა მიხარია, რომ ჩვენ უკვე ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებზე, მითუმეტეს, რომ ვართ თანამოაზრეები. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ შეეცვლება ფრაქციას სახელწოდებაც და იქნება “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ დემოკრატები”,- განაცხადა ინაშვილმა.
პატრიოტთა ალიანსს საპარლამენტო ფრაქციის შენარჩუნების პრობლემა მას შემდეგ დაუდგა, რაც რამდენიმე თვის წინ ფრაქცია დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დატოვა. დროებით პატრიოტების ფრაქციის შესანარჩუნებლად მათ ფრაქციაში გაერთიანდა უმრავლესობიდან წასული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ის ამბობდა, რომ კოლეგებს დროებით დაეხმარა, სანამ მეექვსე დეპუტატს იპოვნიდნენ რომ ფრაქცია არ დაშლოდათ. რამდენიმე დღის წინ კი დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პატრიოტების ფრაქციაში ვეღარ დარჩებოდა. შესაბამისად, ფრაქციის დაშლის პრობლემა ირმა ინაშვილის გუნდს კიდევ ერთხელ დაუდგა. ამჯერად მათი ფრაქცია ორმა სოციალ–დემოკრატმა გადააჩრინა.