“პატრიოტთა ალიანსს”, რომელმაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა, ახალი გამოკითხვის მიხედვით, 3%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასეთია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროგნოზს ასახავს.
უფრო კონკრეტულად, კვლევის ავტორებმა შეკითხვა ასეთი ფორმულირებით დასვეს და პასუხებიც გადაანაწილეს: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 52 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” 24 პროცენტი მისცემდა ხმას, “ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას” – 11 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი – 3 პროცენტი. თავად პარტიაში ამ მონაცემის არ სჯერათ: NDI-ს კვლევები ტყუილია. ჩვენ მილიონი კაციც რომ დავდგეთ გარეთ, NDI მაინც გვეტყვის, რომ სამი პროცენტიაო”, ამბობს დავით თარხან-მოურავი.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ოპონენტები პატრიოტთა ალიანსს მმართველი გუნდის სატელიტად მოიხსენიებენ, თავად ეს პოლიტიკური გაერთიანება ხშირად გამოირჩევა ყოფილი ხელისუფლების და ამჟამად ოპოზიციაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” მწვავე კრიტიკით. ბოლოს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპირისპირება, როდესაც პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ინაშვილს მელიამ სიტყვა შეაწყვეტინა, საპასუხოდ კი მან მელიას დარბაზს გარეთ უხმო. ასევე საგულისხმოა, რომ ინაშვილის პარტია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსზეც აცხადებს პრეტენზიას – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მათ თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი აქციაც გამართეს და მოსახლეობას მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის.