Apple-მა მისი ახალი ტვ სტრიმინგის პლატფორმა – Apple Tv+ კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინა.
ჯენიფერ ენისტონი, სტივენ სპილბერგი და ოფრა უინფრი მათ შორის იყვნენ, ვინც Apple–ს შტაბბინაში სცენაზე გამოვიდნენ, რათა ტექნიკური გიგანტის შეკვეთით შექმნილ სატელევიზიო პროექტებში საკუთარი მონაწილეობა ეჩვენებინათ. პლატფორმა მაყურებელს უკვე არსებული – მაგალითად Hulu–ს და HBO-ს სერვისების შოუებსაც შესთავაზებს.
Apple–მა საკრედიტო ბარათის, სათამაშო პორტალის და გაუმჯობესებული ნიუს აპლიკაციის გამოშვებაც დააანონსა. ღონისძიების დასაწყისშივე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ცხადად განმარტა, რომ საქმე ეხება ახალ სერვისებს და არა ახალ მოწყობილობებს. ეს 42 წლის კომპანიისთვის პრაქტიკულად მიმართულების შეცვლას ნიშნავს.
Apple TV
არსებობდა ბევრი ვარაუდი და მოლოდინი Apple–ს ინტერნეტ ტვ სტრიმინგის ბაზარზე შესვლის შესახებ, რომელზეც ჯერჯერობით ამაზონი და ნეტფლიქსი დომინირებენ.
The Apple TV+ –ის აპლიკაცია, რომელიც სტივენ სპილბერგმა წარმოადგინა შემოდგომაზე ჩაეშვება. სპილბერგმა განაცხადა,რომ თვითონ შექმნის მასალას ახალი პლატფორმისთვის.
სცენაზე გამოსულ ვარსკვლავებს შორის იყვნენ რიზ უიზერსპუნი, სტივ კარელი, ჯეისონ მომოა, ალფრედ ვუდარდი, კომიკოსი კუმაილ ნანჯიანი.
პირველად ისტორიაში აპლიკაცია კონკურენტი ფირმების მოწყობილობებზეც იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის Samsung, LG, Sony და Vizio–ს სმარტ ტელევიზორებზე, ასევე , Amazon Firestick და Roku–ზე.
სააბონენტო გადასახადის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. ჯერჯერობით ერთი რამ ცხადია – ნეტფლიქსი ამ პროექტში არ მონაწილეობს და Apple-ს პაკეტის ნაწილი არ იქნება.
“Apple-ს ტესტი ასეთი იქნება: შეძლებს თუ არა ახალი კონტენტი ისინი კონკურენტებისგან მკაფიოდ განასხვავოს და შეძლებენ თუ არა ისინი მომხმარებელს ახალი, განსაკუთრებული კონტენტი მიაწოდონ, რომელიც შეძლებს აუდიტორიამდე ისევე ეფექტურად მიაღწიოს, როგორც მაგალითად ნეტფლიქსის პროდუქტები – განაცხადა იორკის უნივერსიტეტის ექსპერტმა კინოსა და წარმოების სფეროში ედ ბრამანმა.
Apple Card–ის საკრედიტო ბარათი აშშ–ში ამ ზაფხულს გამოჩნდება. იქნება ბარათის ორი ვერსია – როგორც iPhone–ში, ასევე ბარათის ფიზიკური ვერსია, რომელიც ყოველი შენაძენისას მყიდველს ქეშბექით წაახალისებს. Apple Pay–ს ვიცე პრეზიდენტის, ჯენიფერ ბეილის თქმით, საკრედიტო ბარათებს არ დაერიცხება წლიური საკომისიო, არც საკომისიო საერთაშორისო გადახდებისთვის. მომხმარებელს არ დაეკისრება ჯარიმები გადახდის დაგვიანებისთვის. ბარათი Goldman Sachs–ის და MasterCard–ის დახმარებით შეიქმნა.
რაც შეეხება კომპანიის მიერ წარმოდგენილ ახალი ამბების აპლიკაციას – Apple News+, მის პაკეტში შევა 300–ზე მეტი დასახელების ჟურნალი, მათ შორის Marie Claire, Vogue, New Yorker, Esquire, National Geographic და Rolling Stone.პლატფორმის ნაწილი გახდებიან ლოს ანჟელეს თაიმსი და ვოლ სთრით ჯორნალიც.
ახალი ამბების აპლიკაციის ფასი თვეში 9.99 დოლარი იქნება და პირველ ეტაპზე აშშ–სა და კანადაში იქნება ხელმისაწვდომი. წლის ბოლოსთვის ევროპაშიც გავრცელდება. ტვ პლატფორმისგან განსხვავებით ახალი ამბების პლატფორმა მხოლოდ ეფლის მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება თამაშების პლატფორმას – Apple Arcade მომხმარებელს 100–ზე მეტ ექსკლუზიურ თამაშს შესთავაზებს, რომელთა თამაში ინტერნეტის გარეშეც იქნება შესაძლებელი. შემოდგომაზე თამაშების პლატფორმა 150 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა მისი ფასები ჯერჯერობით არ სახელდება.
ეფლის აგრესიული შესვლა ერთდროულად რამდენიმე ბაზარზე მისი მაშტაბებიდან გამომდინარე იმას ნიშნავს, რომ ის შესვლისთანავე მსხვილი მოთამაშე გახდება. ექსპერტები ამბობენ, რომ საკრედიტო ბარათის დაანონსება აჩვენებს, რამდენად სერიოზულია ეფლის განზრახვა მომხმარებლისთვის ცხოვრების მთავარი მეგზური გახდეს.
როგორც სცენაზე გამოსვლისას ოფრა უინფრიმ განაცხადა, “მათ ხომ უკვე მილიარდობით ადამიანის ჯიბეში შეაღწიეს.“