პრემიერი რუსეთთან ურთიერთობასა და აბაშიძე-კარასინის ფორმატზე

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ვერ ექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან ვიდრე ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას.

მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პასუხა კითხვას, ხომ არ საჭიროებს აბაშიძე-კარასინის ფორმატი გადახედვას ან რაიმე ფორმით მოდიფიკაციას.

პრემიერის განცხადებით, ეს ფორმატი ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განსახილველად შეიქმნა.

“უკვე რამდენიმე წელია, რაც კარასინი-აბაშიძის ფორმატი არსებობს და ყველას გვახსოვს, რატომაც შეიქმნა ეს ფორმატი. მას ძირითადად ეკონომიკური და ჰუმანიტარული განზომილება ჰქონდა იმ სხვა ფუნდამენტურ პრობლემებთან ერთად, რომელიც არსებობს. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან მანამ, სანამ ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი”, განაცხადა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, ზურაბ აბაშიძე დღეს შეხვდება რუს კოლეგას. აუდიენციამდე კი გუშინ ხანმოკლე მოლაპარაკება გამართა მმართველი პარტიის ლიდერ ივანიშვილთან. პრემიერს ამ გარემოების განმარტებაც სთხოვეს ჟურნალისტებმა.

“ზურაბ აბაშიძე არის ჩემი სპეციალური წარმომადგენელი და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რა სტატუსით შეხვდა პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს და არის თუ არა ეს არაფორმალური მმართველობა.

“მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რაც თქვენს კითხვაში ამოვიკითხე და ჩანდა. ზურაბ აბაშიძე არის ჩემი სპეციალური წარმომადგენელი და მას ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მმართველი ძალის, მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან. ძალიან მარტივია ეს საკითხი”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.