პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა მუზეუმი გაიხსნას

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. განცხადება ამის შესახებ ქართული ოცნების შეკრების დამთავრების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, რეზიდენციის მომავალი ბედი დღევანდელი შეკრების ერთ–ერთი განსახილველი თემა იყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეზიდენციის ბედს გადაწყვეტს. მდინარაძის განცხადებით განიხილება რამდენიმე ვერსია და ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნა მხოლოდ ერთ–ერთი მათგანია. საბოლოო გადაწყვეტილებას რეზიდენციის ბედის შესახებ სამუშაო ჯგუფი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციის საკითხი დღის წესრიგში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დადგა. სალომე ზურაბიშვილმა მუშაობა ათონელის რეზიდენციაში ამჯობინა.