პროტესტის მეორე დღე საპატრიარქოსთან

ე.წ. ციანდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის – გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა გასული ღამე კარვებში გაატარეს. მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, ვიდრე დეკანოზს მატროსოვის ციხეში არ აზიარებენ. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მოძღვარი მზად იყო, გიორგი მამალაძე საკანში ეზიარებინა, თუმა საპატრიარქოს გარკვეულმა ჯგუფმა ამის საშუალება არ მისცა.

თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის იმ განცხადებასაც აფასებს, რომელშიც სასულიერო პირმა თქვა, რომ მზად არის დეკანოზის შეწყალებას დაუჭიროს მხარი, თუკი სასულიერო პირთა ვიწრო წრეში, გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების ყველა დეტალს მოყვება. საპირისპირო ინფორმაცია აქვს მსჯავრდებული დეკანოზის ძმას, რომელიც ამბობს, რომ მეუფე იაკობი საპატიმროში დეკანოზს დაემუქრა და გააფრთხილა არაფერი ეთქვა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს მატროსოვის ციხეში უკვე 2 წელია იხდის. ის სასამართლოს სამივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის საქმე ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უკვე გაგზავნეს.