„სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე“, – ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომელმაც ავიაკომპანიებს რუსი ტურისტების საქართველოში გადაყვანა აუკრძალა.
თინა ხიდაშელისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გააცნოს სამოქმედო გეგმა, თუ რას დაუპირისპირებს ის პუტინის მუქარას.
„ყველაზე უფრო დამთრგუნველი ამ ვითარებაში არის ის, რომ თითქმის 24 საათი გავიდა პუტინის მუქარიდან და საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ ხმა არ ამოუღია და მოსახლეობისთვის არაფერი არ უთქვამს, არ ოპტიმისტური, არც პესიმისტური, არც მოსამზადებელი, არც რაიმე სტრატეგიული ან ტაქტიკური მნიშვნელობის გეგმა არ წარმოუდგენია. არადა ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ყველაზე უფრო სწრაფად და რაც შეიძლება მომზადებული გვჭირდება ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ნათქვამი სიტყვა. თავისთავად სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე, მაგრამ ისევ და ისევ ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმასთან, პოლიტიკური მზაობა როგორი აქვს ხელისუფლებას გაუმკლავდეს ამ მუქარას, რომელიც გუშინ პრეზიდენტ პუტინისგან ყველამ ერთად მოვისმინეთ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.














