რა ღირს ღვთიური ცეცხლის ჩამოტანა ლაშა ჟვანიასთან ერთად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის რელიგიურ–ტურისტული ბიზნესი

უკვე 20 წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში იერუსალიმიდან ღვთაებრივი ცეცხლის ექსკლუზიური ჩამომტანი ლაშა ჟვანიაა. თუმცა როგორც ირკვევა, ეს რიტუალი მისთვის არა მხოლოდ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. პატრიარის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი უფროსისთვის “ღვთიური მადლმოსილი ცეცხლის ჩამობრძანება“ ამავე დროს სარფიანი ბიზნესია. მისი ტურისტული კომპანიის, პილიგრიმ ტურსის საიტზე სწორედ ამ სათაურით იყიდება პაკეტი, რომელიც მომლოცველებს სააღდგომოდ იერუსალიმში ეპატიჟება. ვებგვერდზე ამ დრომდე შარშანდელი სააღდგომო შეთავაზების ფასები დევს. წლევანდელი შეთავაზებები ალბათ მოგვიანებით დაიდება.

2018 წელს“ღვთიური მადლმოსილი ცეცხლის ჩამობრძანების“ ხუთდღიანი ტურის ღირებულება ერთი ადამიანისთვის ორადგილიან ნომერში 4200 ლარი ღირდა სასტუმრო „GOLDEN WALLS JERUSALME HOTEL“–ში, ქალქის ძველ კვარტალში მაცხოვრის ტაძართან.

არის მეორე, უფრო იაფი – 3500 ლარიანი პაკეტიც, სასტუმრო „ MANGER SQUARE HOTEL BETHLAHAM”–ში „მაცხოვრის შობის „ ტაძართან.
ტურის ღირებულებაში შედის ტრანსფერი, დაზღვევა, გიდისა და ტურისტული ავტობუსის მომსახურება, შესასვლელი ბილეთების საფასური, “წმინდა პესტრეს“ რესტორანში მადლიანი სადილი “წმინდა პეტრეს თევზის დაგემოვნებით.“

ვებგვერდზე მითითებულია ის უპირატესობებიც რაც ამ სააგენტოს კლიენტებს ელით. მათ შორის არის ის უპირატესობები, რაც აშკარად ლაშა ჟვანიას პერსონით და საეკლესიო წრეებთან მისი სიახლოვით არის გამოწვეული. ისიც, რომ ღვთაებრივი ცეცხლის საქართველოში ჩამობრძანების რიტუალს და მის ჩამომტანს მედია აქტიურად აშუქებს, ამ პაკეტის პრივილეგიების ჩამონათვალშია შეტანილი:

რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ჩვენი მომლოცველები:

“როგორც წინა წლებში წელსაც ამ დიდ ქრისტიანულ ზეიმს გააშუქებენ საქართველოს სხვადასხვა ტელევიზის გადამღები ჯგუფები .

მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი კი თქვენ დაგრჩებათ სამუდამო, დაუვიწყარ ლამაზ მოსაგონებლად .

ასევე მინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ , რომ ჩვენს მომლოცველობას დაგვიმშვენებენ როგორც მაღალი იერარქიის სამღვდელოება ასევე უამრავი ჩვენი სასულიერო პირები.“ – წერია შეთავაზებაში.

პილგრიმ ტურის ვებგვერდიდან ჩანს, რომ ის ძირითადად რელიგიური ტურიზმით არის დაკავებული. ღვთიური ცეცხლის ჩამობრძანების ტურის გარდა, საიტზე დევს ტურების შეთავაზებები:

გიორგობის “დღესასწაული წმინდა მიწაზე
საბრეძნეთის დიდი სიწმინდეების მოლოცვა
მომლოცველობითი ტური საფრანგეტსა და იტალიაში
საშობაო ტური წმინდა მიწაზე
რუსეთის დიდი სიწმინდეების მოლოცვა.
ლაშა ჟვანიას ამ ტურისტული კომპანიის მფლობელობა საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. საპატრიარქოს ფონდის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის დეკემბერში გადაინაცვლა.
2019 წლის დასაწყისში კი ქონებრივი დეკლარაციის შევსებაც მოუწია, როგორც საჯარო მოხელეს.
შპს პილიგრიმ ტურს–ში ჟვანია 40%–ს ფლობს და 2018 წელს მისი შემოსავალი ამ კომპანიიდან 32 484 ლარი იყო.
პილიგრიმ ტურსის ფეისბუქ გვერდიდან ჩანს, რომ კომპანია რელიგიური ტურიზმით 2011 წლიდან არის დაკავებული და ტურებს მომლოცველებს ამ დროიდან სთავაზობს.
ტურიზმით, მათ შორის რელიგიური ტურიზმით მიღებული შემოსავლები ლაშა ჟვანიასთვის ამ კომპანიით არ ამოიწურება.
დეკლარაციის თანახმად ლაშა ჟვანია 100 %–იან წილს ფლობს შპს გლობალ უნი გრუპი საქართველო–ში. 2018 წელს მისი შემოსავალი ამ კომპანიიდან 247 872 ლარი იყო.
გლობალ უნი გრუპს საქმიანობის სფეროდ რამდენიმე მიმართულება აქვს მითითებული, თუმცა ამ სფეროებში ძირითადად კონსულტირებით არის დაკავებული: ვაჭრობა, უძრავი ქონება, IT ტექნოლოგიები,ფარმაცევტიკა, ტურიზმი.

ტურიზმის გრაფაში აქაც ხაზგასმულია რელიგიური ტურიზმი. ამ კომპანიის ტურისტულ მიმართულებას კომპანია  “უნი ტურსი“ განაგებს, რომლის 65%–ს ასევე ლაშა ჟვანია ფლობს. ამ კომპანიიდან მან 2018 წელს 7272 ლარი მიიღო. ამ შემთხვევაში ტურისტული პროფილი უფრო ფართოა და ვებგვერდზე სხვადასხვა სერვისები წერია, თუმცა აქცენტი რელიგიურ ტურიზმზე აქაც კეთდება: შეთავაზებაშია “ტურები წმინდა მიწაზე და იორდანიაში ქართველი ტურისტებისთვის; ასევე მომლოცველობითი ტურები;

შპს გლობალ უნი გრუპი საქართველო ტენდერების მონიტორინგშიც მოხვდა, რადგან მან ერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო საერთო ღირებულებით 75 ,674 ლარი.
გამარტივებული შესყიდვის გზით კი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან 2016 წელს 122 217 ლარი მიიღო. არცერთ შემთხვევაში მომსახურების სახეობა დაკონკრეტებული არ არის და წერია: სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გასულ წელს კიდევ ერთი კომპანიიდან – შპს გლობალ არტიდან მიიღო შემოსავალი – 4047 ლარი. ის ამ კომპანიის 50%–ის მფლობელია.
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2018 წელს ლაშა ჟვანიამ ანაზღაურების სახით 15 000 ლარი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობაში კი 2018 წლის 17 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 3273,81 ლარი.