რა მიზნით შეხვდა ზურაბ აბაშიძე ბიძინა ივანიშვილს? (ექსკლუზივი)

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე მმართველი პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. აბაშიძე განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერთან ხანმოკლე საუბარი შედგა და აუდიენცია, რომელიც პირისპირ გაიმართა და მას გუნდის სხვა წევრები არ ესწრებოდნენ, ეხებოდა 27 თებერვალს გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრას.

“ხანმოკლე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 27 თებერვალს პრაღაში გაიმართება”,განუცხადა აბაშიძემ newsreport.ge-ს.

რაც შეეხება რუს კოლეგასთან განსახილველ საკითხებს, პრემიერის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ შეხვედრა ტრადიციული დღის წესრიგით წარიმართება.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პირველ ოქტომბერს პრაღაში შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა.

შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობებზე ისაუბრეს და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების “პრაქტიკული განხორციელებისთვის” მზადყოფნა გამოთქვეს.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.