რა პროექტებს გეგმავს თბილისის მერია დედაქალაქში (ვიდეო)

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

“დღეს გვაქვს თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი მთავრობის სხდომა, სადაც მინდა, კიდევ ერთხელ, მოკლედ შევაჯამო გასული, 2018 წლის შედეგები. 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი ხარჯვით ნაწილში 98%-ზე მეტია, რისთვისაც მინდა, თბილისის მთავრობას, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სრულ შემადგენლობას და გამგეობებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, აღნიშნული მიმართულებით, ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და მუნიციპალიტეტმა დაგეგმილთან შედარებით, მეტი შემოსავლები მიიღო. ეს იყო დაახლოებით 103%, რაც 2018 წლის განმავლობაში, შემოსავლების სახით იქნა მობილიზებული და ქალაქის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტების განხორციელების სახით მოხმარდა.

ჩვენ მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები, გვაფიქრებინებს იმას, რომ მიმდინარე წელი ციფრებში და თვალშისაცემი პროექტების კუთხითაც, გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ისტორიულია. პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს – ის დაახლოებით, მილიარდ 50 მილიონ ლარს აღემატება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 130-140 მილიონი ლარით მეტია, რაც ქალაქისთვის მეტ განხორციელებულ პროექტს ნიშნავს.

მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის მთავრობას და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურას, ყველა თანამშრომელს 2019 წლის საქმიანობაში. ისევ და ისევ მაქვს მოქალაქეების თანადგომის და მხარდაჭერის იმედი – თანადგომის, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობდით. ეს ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც გვაძლევდა სტიმულს, ენერგიასა და შემართებას, რომ გვეკეთებინა ის, რაც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქვე მინდა მივმართო თბილისის რაიონის გამგებლებსა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს – ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს თბილისის მერიის მიმართ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა.

ასევე, მინდა მივმართო მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ – თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილეთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ კორუფციის ნიშნებს შევამჩნევთ. ჩემი თხოვნაა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რათა ყურადღებით ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობა და ის მნიშვნელოვანი პროექტები ჰქვია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, მაგრამ არა კორუფციისა და კორუფციის სახით. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომლის წინააღმდეგაც, მკაცრი ვიქნებით.

ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულება რჩება. ავტობუსებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ 2019 წელს მთლიანად ჩავანაცვლოთ არსებული პარკი და ახალი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, მეტროსადგურების, ვაგონების და შემადგენლობების განახლება-რეაბილიტაცია ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ “სამგორის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა და თვითონ “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” იღებს ვალდებულებას, ეს სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ამ კომპანიის წინააღმდეგ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან კომპანიები შემორჩენილი, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ჩვენც გვქონდა ამის მაგალითები, მათ შორის, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. საუბარია 50-მეტრიან მონაკვეთზე. მსგავსი დამოკიდებულება და უპასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდში არ უნდა იყვნენ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ტენდერებში მონაწილეობა, რადგან ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აფერხებს. შემდეგ მთელი პრეტენზია მუნიციპალიტეტზე მოდის და არავინ უყურებს იმას, რომ იქ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ.

ასევე, მინდა შევეხო მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი დაუყოვნებლივ, განმეორებით გამოცხადდება, სადაც იმედს ვიქონიებთ, რომ გამარჯვებული კომპანია ძალიან მალე გამოვლინდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური უკვე განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას; გამოცხადებულია ტენდერი “სადგურის მოედნის” სამივე ამოსასვლელის პროექტირების შესახებაც.

რაც შეეხება მეტროსადგურ “ვარკეთილს”, სადაც ერთი წლის წინ, რეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა, ჩვენ მიერ ჩატარებული საექსპერტო-კვლევითი სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ არსებული კონსტრუქციების მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტი უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება. მოგვცეს მითითება, რომ პროექტი თავიდან უნდა განხორციელდეს, ანუ პროექტი იყო არასწორად შედგენილი და ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია მუშაობის დაწყება. გვესმის, რომ მოქალაქეებისთვის მეტროსადგურ “ვარკეთილის” ასეთ მდგომარეობაში ფუნქციონირება არ არის კომფორტული, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, სადაც ჩვენთვის პრიორიტეტია არა სიჩქარე, არამედ ხარისხი და მოქალაქეების უსაფრთხოება. მგზავრებს ამისთვის ბოდიშს ვუხდი, თუმცა ძალიან მალე პროექტიც იქნება და სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ.

პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ “გურამიშვილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, წარმოდგენილი პროექტი დაწუნებული იყო. მისი განხორციელება თავიდან მოხდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ დაიწყება. უკვე პროექტირების ტენდერისთვის მომზადდა და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მეტროსადგურ “ისნის”, “თავისუფლების მოედნის”, “რუსთაველის”, “მარჯანიშვილის მოედნისა” და “წერეთლის” საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ის კომფორტული და ყველაზე სწრაფი იყოს. შესაბამისად, 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.