რამ დააბნია ელისაშვილი და რატომ ჰგონია ბურჯანაძეს, რომ საქართველოში არ ცხოვრობს – 6 კომენტარი NDI-ს კვლევაზე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს პოლიტიკოსები აფასებენ. “დემოკრატიული მოძრაობისა” და “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლეთა პოზიციებიდან ირკვევა, რომ ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ორგანიზაციის სანდოობის საკითხს. გთავაზობთ პოლიტიკოსთა შეფასებებს: 

“დემოკრატიული მოძრაობა”, ნინო ბურჯანაძე: გამოკითხულთა 51% მთავრობის მუშაობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებს, ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა პოზიტიურადაა შეფასებული, ან პარლამენტის თავმჯდომარის მუშაობა იმდენად დადებითადაა შეფასებული, როგორც აქამდე არც ერთი პარლამენტის თავმჯდომარეზე ასე არ ყოფილა- ეს ფაქტები რეალობას შეესაბამება?! ან მე ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში, ან NDI ატარებს კვლევებს სადღაც სხვაგან. მე ნამდვილად საქართველოში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ამ კვლევებში უმეტესად აისახება ის, რაც სურს მმართველ გუნდსა და ამერიკის საელჩოს.

გაერთიანებული ოპოზიცია, გრიგოლ ვაშაძე:
გული დამწყდა, სიმართლე გითხრათ იმაზე, რომ კითხვარში არ იყო გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა” იყო შეყვანილი ცალკე. ყველა, ვინც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული გეტყვით, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ არა მარტო არნახულ შედეგს მიაღწია ამ არჩევნებში, არამედ დაიწყო სტრუქტურულად გაერთიანება. ჩვენ ვქმნით სრულიად დემოკრატიულ ორგანოებს, რომელიც დემოკრატიულადვე პროცედურულად წაიყვანს გაერთიანებული ოპოზიციის მომავალ საქმიანობას. არავინ იდავებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქემ იმედგაცრუება გამოხატა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიმართ და ამის წამალი არის ერთადერთი, რაც შეიძლება მეტი ვეკონტაქტოთ საქართველოს მოქალაქეს, მეტი ვიაროთ ხალხში და მეტი დამაჯერებლობით ავუხსნათ მათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ იბრძვის კარიერისთვის, იბრძვის მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

“სამოქალაქო მოძრაობა”, ალექსანდრე ელისაშვილი: NDI-ს კვლევა ვიღაცას მოსწონს თუ არა, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ ეს კვლევა არის სარკე, სადაც ვხედავთ იმას, რაც ჩვენ თავს ხდება. სარკეს კი არ უნდა ვუბრაზდებოდეთ, თუ მთლად სიმპათიურად არ გამოვიყურებით იმ სარკეში, არამედ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ერთადერთი, რაც გამიკვირდა, კობახიძეს რომ ცოტა ნდობა ჰქონია – ამან ცოტა დამაბნია, თორემ ეს არის სარკე, სადაც უნდა ვიხედებოდეთ ხოლმე და სადაც ჩანს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც თავზე გვემხობა.

“ნაციონალური მოძრაობა”, ნიკა მელია, NDI-ს კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებს. პოლიტიკოსს ეს შედეგები არწმუნებს, რომ მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს:
კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, პენსია არ იზრდება, რწმენა ხვალინდელი დღის არ არის – ეს ნიშნავს, რომ დაუოკებელი სურვილია საზოგადოებაში ხელისუფლების ცვლილებისა.

“ევროპული საქართველო”, გიგი უგულავა, მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ესეც არის კატასტროფული სიახლე. ეს მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ რომელიც ბოლო ექვსი წელია დემოკრატიის ოაზისზე გვესაუბრება.

ლეიბორისტული პარტია, გიორგი გუგავა: ეს სამარცხვინო რეიტინგები დაწერილი არის “ოცნების” ოფისში და ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნეს. თურმე მოსახლეობის უმრავლესობა ამ უცხვირპირო კობახიძის საქმიანობას აფასებს დადებითად, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყვავის კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი დაქცეული და ჩამოშლილია ქვეყანა.