რატომ ბერდება ზოგი ნაადრევად, ზოგი კი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას

ზოგ ადამიანს ასაკი ისე ეტყობა, თითქოს ერთ წელში სამი წელი ემატებაო. სხვებისთვის კი თითქოს დრო გაჩერდა. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი გენეტიკაა, თუმცა არა მხოლოდ. ერთდროულად რამდენიმე კვლევა ამტკიცებს, რომ უჯრედების და მთლიანად ორგანიზმის ახალგაზრდობა საკუთარი ძალებითაც შეგვიძლია გავახანგრძლივოთ.

ყველა ერთნაირად არ ბერდება
2015 წელს დიუკის უნივერსიტეტის, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის და ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ახალი ზელანდიის პატარა ქალაქის, დანიდინის ათასი მაცხოვრებლის მონაცემები გააანალიზეს. იმ მომენტისათვის ექსპერიმენტის მონაწილეების ასაკი 26–38 წელი იყო. ოცი წლის განმავლობაში მათ ყურადღებით აკვირდებოდნენ.
კვლევის საწყის ეტაპზე მეცნიერებმა  ექსპერიმენტში მონაწილეთა ტელომერები გაზომეს. ეს არის ქრომოსომების დნმ–ს ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომლებიც უჯრედების დაყოფისას მუდმივად მოკლდება. ტელომერი ახალგაზრდა უჯრედების გენებში უფრო გრძელია, ვიდრე “ხანდაზმულ” უჯრედებში. როდესაც ტელომერი ნადგურდება, უჯრედიც კვდება. უჯრედს უნარი აქვს იმდენჯერ დაიყოს, სანამ ტელომერი არ დაიშლება. ტელომერის დამოკლება ორგანიზმის დაბერების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.

კვლევის პროცესში ათწლეულის განმავლობაში რეგულარულად გამოითვლებოდა მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი და დაბერების სიჩქარე 18 ბიომარკერის მიხედვით, როგორებიც არის: არტერიული წნევა, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, ქოლესტერინის დონე, ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების და სხვა ორგანოების მუშაობა. გარდა ამისა, ყველა მოხალისემ 38 წლის ასაკში ჩატარა ტესტი ფსიქოლოგიური ასაკის დასადგენად.

როგორც გაირკვა, ექსპერიმენტის ზოგიერთი მონაწილე თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად ბერდებოდა ვიდრე დანარჩენები: წელიწადის თორმეტი თვე მათთვის სამ წელს უდრიდა. ზოგისთვის კი პირიქით, ერთი წელი 16 თვეს უდრიდა, ანუ უფრო ნელა ბერდებოდნენ. იმ მომენტისთვის, როცა მონაწილეებს 38 წელი უსრულდებოდათ, მათი ბიოლოგიური ასაკი 28–დან 61 წლამდე მერყეობდა.
კვლევის ავტორთა აზრით, კვლევის მონაწილეთა დაბერების სისწრაფე მხოლოდ 20%–ით იყო გენეტიკაზე დამოკიდებული. დიდ გავლენას ამ პროცესზე ახდენდა სპორტი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, რეგულარული სამედიცინო კვლევები და მოწევაზე უარის თქმა. გარდა ამისა, სწრაფად ბერდებოდნენ ისინი, ვისი ფსიქოლოგიური ასაკიც ფაქტიურ ასაკს აღემატებოდა.

მოძრაობა– სიცოცხლეა

კოლეგების დასკვნები ნაწილობრივ დაადასტურეს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა. ათასხუთასი 64 წლის ასაკს გადაცილებული ქალის ცხოვრების წესზე დაკვირვების შედეგად ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, უფრო ადრე ბერდება. იმ ადამიანების უჯრედების ბიოლოგიური ასაკი, რომლებიც დღეღამეში ათ საათზე მეტ დროს ჯდომაში ატარებენ, რვა წლით მეტი იყო, ვიდრე მათი უფრო მოძრავი თანატოლების ბიოლოგიური ასაკი.
ბელგიელი მეცნიერების კვლევების მიხედვით კი ეს შესაძლოა იმის ბრალი იყოს, რომ ფიზიკური ვარჯიში და აქტივობის მაღალი დონე ასაკში NFR1 გენს ააქტიურებს, რომელიც დნმ–ს მოლეკულების დაბოლოებებს დაზიანებისგან იცავს.
გარდა ამისა, სპორტი თიმუსის აქტიურობას ამაღლებს. ეს არის მკერდსუკანა ჯირკვალი, იგივე ჩანგლისებრი ჯირკვალი – იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფურ–ეპითელური ორგანო, რომელშიც ღეროვანი უჯრედები T ლიმფოციტებად გარდაიქმნებიან. დროთა განმავლობაში ეს ორგანო ზომებში მცირდება, თუმცა როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, არა მათ შემთხვევაში, ვინც სპორტით აქტიურად არის დაკავებული. ასეთი ადამიანების ორგანიზმში თიმუსის ჯირკვალი იმუნური სისტემის იმდენივე უჯრედს გამოიმუშავებს, რამდენსაც ახალგაზრდებისა, სისხლში ქოლესტერინის დონე კი ბევრად დაბალია, ვიდრე მათივე არასპორტული თანატოლებისა. გარდა ამისა, მამაკაც სპორტსმენებში ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე ნარჩუნდება.
ნაკლები შაქარი, მეტი კაკალი

ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად კარგი გზა ნაკლები ტკბილი საკვების მიღებაა. ინგლისელმა და გერმანელმა გენეტიკოსებმა დროფოზილები, ანუ ბუზის ერთ–ერთი სახეობა შაქრის მაღალი შემცველობის დიეტაზე დასვეს და აღმოაჩინეს, რომ ამან FOXO–ს გენის მუშაობაზე მოახდინა გავლენა. ეს გენი კი პირდაპირ უკავშირდება დაბერების პროცესს. ახალგაზრდა მწერები ორ ჯგუფად დაყვეს. ნაწილს შაქრის ოპტიმალური რაოდენობის მქონე საკვებს აძლევდნენ, მეორეს ნაწილს კი ნორმაზე რვაჯერ მეტი შაქრის შემცველობის პროდუქტს. სამი კვირის შემდეგ ყველა მწერი ჩვეულებრივ კვებაზე გადაიყვანეს. ამის მიუხედავად მწერები, რომლებიც მცირე ასაკში მომეტებული შაქრით იკვებებოდნენ, უფრო ხშირად იხოცებოდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის მწერები.
კვლევის ავტორების აზრით შაქრის დიდმა რაოდენობამ FOXO–ს გენის ნორმალური აქტივობა დათრგუნა (მწერებში dFOXO ადამიანებში FOXO1 გენის ანალოგია), რომელიც დაბერების პროცესს უკავშირდება.
მეცნიერები შაქრის ნაცვლად უროლიტინით მდიდარი პროდუქტების მიღებას გვირჩევენ. ეს ნივთიერება უხვად არის კაკალში, ბროწეულში და მარწყვში. უროლიტინის ინექციის შემდეგ ერთ–ერთი ცდის ფარგლებში მრგვალი ჭიები – ნემატოდები 45%–ით უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე მათი თანატოლები. ჩვეულებრივი ლაბორატორიის ვირთხები კი 42%–ით უფრო ამტანები ხდებოდნენ.
ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის წიწაკა ჩილი, უფრო სწორად მასში შემავალი ალკალოიდი კაპსაიცინი. ის ხელს უშლის გასუქებას და ამცირებს გულ–სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებების განვითარების რისკს.
და ბოლოს, მთავარია არ ინერვიულოთ
უკვე არაერთი კვლევით დასტურდება სტრესის კავშირი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას შორის. ამერიკელი გენეტიკოსები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტს ნერვიულობს ადამიანი, მით უფრო სწრაფად ბერდება. დეპრესია და სტრესი ANK3 გენში ცვლილებებს იწვევს. ეს გენი უჯრედული მემბრანების მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ნორმალურ ვითარებაში ამ გენის აქტივობა წლებთან ერთად მატულობს, რაც სხეულის დაბერებას და მოდუნებას იწვევს. თუმცა იმ ადამიანებში, რომლებმაც სერიოზული სტრესი და დეპრესია გადაიტანეს, ამ გენის გააქტიუროება უკვე ახალგაზრდა ასაკში შეინიშნება, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს.
მკვლევარების აზრით ახალგაზრდობის გახანგრძლივების გასაღები სწორედ ამ გენშია. ცდების დროს ნემატოდებში მისმა გათიშვამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამგვარი ზემოქმედება ანტიდეპრესანტი მიანსერინის საშუალებით მოხდა, რომელმაც ANK3–ს აქტივობა შეამცირა და ჭიებს სიცოცხლე გაუხანგრძლივა.